რა ქონებას ფლობს მეუფე დიმიტრი

02 ივნისი 2020, 12:52 2672 ნახვა

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ქონებასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეუფე დიმიტრი ფლობს 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწას წილკანში, რომელიც მიტროპოლიტს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 15 სექტემბერს გადასცა.

მის მფლობელობაშია 1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ საჯარო რეესტრმა ქონებაზე უფლების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გადაუგზავნა.

2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266 862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.

საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა. დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ მეუფის ყოფილ ცოლს მშობლების დანატოვარი ქონება ჰქონდა, რომელიც მის შვილებს გადაეცა. 

''რაც შეეხება ვაკის ბინას, ის მეუფე დიმიტრის სახელზე არ არის, ის მისი შვილის სახელზეა. მეუფეს ჰყავდა მეუღლე, იყო ქორწინებაში და ასევე ყავს შვილები. მეუღლე გარდაცვლილია, მაგრამ მას გააჩნდა ქონება. ეს ქონება რა თქმა უნდა დარჩებოდა შვილებს. თბილისის სახლი ყოფილი მეუღლის იყო. ის მისი შვილის სახელზე იქნება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მეუფის შენაძენია. 

მეუფის მეუღლეს ქონება მშობლებისგან ჰქონდა, თქვენ როგორ ფიქრობთ ისინი უპატრონო ბავშვები იყვნენ? ქუჩაში დაიზარდნენ? მათ ჰქონდათ მშობლებისგან დანატოვარი სახლი. ამაზე არის სწორედ საუბარი. შესაძლებელია ერთი ბინა გაყიდა და სხვაგან შეიძინა'' - უთხრა ჟურნალისტებს დეკანოზმა. 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების კვლევაში საუბარია ყაზბეგში მიწის ნაკვეთზე და მიხეილ სააკაშვილის საჩუქარზე. იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ ამ უკანასკნელზე ინფორმაციას არ ფლობს, რაც შეეხება ყაზბეგში ქონებას, მიწა მეუფემ 1000 ლარად შეიძინა და სახლი ააშენა.  

''ის ტერიტორია, რომელიც ყაზბეგშია, შენაძენია 1000 ლარად მიწა და აშენებულია ერთი სახლი. თავის მამა-პაპისეულ ტერიტორიაზე ააშენა სახლი. ყოფილი პრეზიდენტის საჩუქარზე ინფორმაცია არ გამაჩნია, მე გთხოვეთ, რომ მოგეცადათ და სრულ ინფორმაციას მოგაწვდიდით, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ"- განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა. 

კიდევ ერთი თემა, რომელიც კვლევაში მოხდა ფონდებს უკავშირდება. დოკუმენტში წერია, რომ მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს კერძო პირებისა და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ შემდეგ არაკომერციულ ორგანიზაციებს:

• ფონდი „ბავშვები ჩვენი მომავალია“
• „ფერიის მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსისა და სხვა ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია-მშენებლობის ფონდი“
• „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი“
• ალექსანდრე და ნატალია ჩხიკვაძეების სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ბერიკა“
• ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი

პრესსპიკერის განმარტებით, აღნიშნული ფონდებით მეუფე წლებია ხანდაზმულებსა და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება. 

''ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ჯერ კიდევ მღვდელი იყო ის, როცა დაარსა რამდენიმე ფონდი, მოხუცებულთა სახლი, შემდეგ უკვე უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი და ეს არის გათვლილი სწორედ იმაზე, რომ მოხუცებს, რომლებსაც საშუალება არ გააჩნიათ, არიან ქუჩაში დარჩენილები, პატრონობდეს ეკლესია. ბავშვებსაც, რომლებსაც არ აქვთ სახლი მათზე ზრუნავს ეკლესია. როდესაც ეს ფონდები დაარსდა და დაწესებულებები გაიხსნა მეუფე დიმიტრი მაშინ მღვდელი იყო, მაშინ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დაფინანსება არ ყოფილა. წლების განმავლობაში მეუფე საკუთარი ფინანსებით ცდილობდა ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვას.

თქვენ იცით, რომ სასულიერო პირი იკვებება საკურთხევლიდან, ხელფასი ჩვენ არ გაგვაჩნია და დამოკიდებული ვართ მრევლზე რას შემოგვწირავს, ან რას გვაჩუქებს.

უნდა სვამდეთ იმ შეკითხვასაც, რომ საიდან არის ეს თანხები, როგორ შეძლო მეუფე დიმიტრიმ და როგორ პატრონობს ის წლების განმავლობაში 200 ბავშვს, როცა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დაფინანსება არ არსებობდა? შემოწირულობებით პატრონობს. მეუფე დიმიტრის ყავს მეგობრები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მან აკეთოს კეთილი საქმე'' - განაცხადა დეკანოზმა იოანემ. 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტობა კი 2007 წელს ებოძა.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში