საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაუწყებლის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ მიმდინარე აქცია გასცილდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.
დღეს, 1 ივნისს, აქციის რამდენიმე წევრმა ტელევიზიის შესასვლელთან კარავი გადმოიტანა, რითაც ცენტრალური კარის ბლოკირება მოახდინა. განხორციელებულმა ქმედებამ ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა გადაადგილება შეაფერხა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია. შესასვლელის ბლოკირების შემდეგ, აქციის მონაწილებმა მაუწყებლის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც უცენზურო გამონათქვამები გამოიყენეს. მიგვაჩნია, რომ ეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლაა.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, აღარ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავი შეიკავონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება"- წერია განცხადებაში.