აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საფესტივალო ბიუჯეტს 380 ათასიდან 150 ათას ლარამდე ამცირებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორექტირება კორონავირუსს უკავშირდება, რის გამოც ფესტივალების ტრადიცული ფორმით ჩატარების საკითხი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ერთ-ერთი, ვისაც სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა გაუნახევრდა ბიაფია. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ შეზღუდული ბიუჯეტისა და კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებით პროექტის ადაპტირება მოხდება და ძირითადი აქცენტი ქართველ ავტორებზე გაკეთდება.
რაც შეეხება თავისუფალი პროექტების კონკურსის შეწყვეტას, აკაკი ძნელაძე განმარტავს, რომ აპრილსა და მაისში დაგეგმილი ეს პროექტები კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდებოდა, ამ ეტაპზე კი მისი თქმით განიხილება ახალი კონკურსის გამოცხადების საკითხი. სამინისტროში აცხადებენ, რომ კულტურული ღონისძიებების დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილება უწყებაში შექმნილ საკონსულტაციო საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მიიღეს.