აჭარის მაუწყებლის ონლაინ სამსახურს ვებ-გვერდზე ახალი ამბების შექმნის ფუნქცია ეზღუდება

11 აპრილი 2020, 17:20 2218 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ სამსახურს ახალი ამბების ფუნქცია ჩამოაშორა.

ინფორმაცია სამუშაო პირობების, უფლებამოსილების შეცვლის  შესახებ, სამსახურის უფროსმა სოფო ჟღენტმა მას შემდეგ გაიგო, რაც მისთვის ჩამორთმეული უფლების (ახალი ამბების შექმნის) ფუნქციის შესასრულებლად, ამ თანამდებობაზე ნინო ხაჟომიას აყვანის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"გუშინ, 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე დამიკავშირდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მთხოვა, რომ აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების ახალი წესის თანახმად, როგორც მმართველთა საბჭოს წევრს, გამომეთქვა ჩემი მოსაზრება ერთი-ერთი თანამშრომლის სამსახურში მიღების თაობაზე. რადგან დისტანციურ მუშაობაზე ვიყავით გადასული, განცხადება e-mail -ით გამომიგზავნეს, სადაც მაუწყებლიდან გიორგი კოხრეიძის მიერ სამსახურიდან გაშვებული პირის, ნინო ხაჟომიას განცხადება დამხვდა.

განცხადებაში ნინო ხაჟომია სთხოვდა დირექტორს, აეყვანათ ახალი ამბების სამსახურში ონლაინ სამსახურის რედაქტორის პოზიციაზე. რადგან ასეთი პოზიცია მაუწყებელში აქამდე არ არსებობდა, სტრუქტურის მიხედვით, კი, ონლაინ სამსახურის რედაქტორი ჩემს სამსახურში შედიოდა, დავუკავშირდი დირექტორის თანაშემწეს ნათია გოგიჩაიშვილს. მითხრა, რომ ასეთი პოზიცია გაჩნდა, რადგან  საინფორმაციო სამსახურის  ახალი დებულება შეიქმნა, ასევე მითხრა, რომ ონლაინ სამსახურის დებულებაში შევიდა "მცირედი" ცვლილებები. ბუნებრივია ვიკითხე, როგორ შეცვალეს ჩემი სამსახურის დებულება, ჩემს გარეშე, რაზეც ნათია გოგიჩაიშვილმა მიპასუხა, რომ ეს დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მხოლოდ მეორე დღეს გადმომიგზავნეს დებულება, სადაც აღმოვაჩინე, რომ ამ "მცირედი" ცვლილებებით ჩემს სამსახურს მთლიანად ჩამოერთვა ახალი ამბების შექმნის ფუნქცია და მხოლოდ გადაცემებისა და შექმნილი პროდუქტების სოციალური მენეჯერის ფუნქცია დარჩა. ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს არ დაგვკავშირებია არავინ. სავარაუდოდ, ჩემს სამსახურში მომუშავე ვებ-რედაქტორები სხვა სამსახურში აღმოჩნდებიან, რადგან ახალ დებულებაში ვებ-სამსახურის სტრუქტურიდან ვებ-რედაქტორები აღარ შედიან. მოკლედ, რეორგანიზაცია ჩაატარეს რეორგანიზაციის გარეშე. უკანონოდ, ჩემი ჩართულობის გარეშე ცვლიან ჩემს ხელშეკრულებას, რისი უფლებაც, როგორც იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გავიგე, კანონით არ ჰქონდათ," - ამბობს სოფო ჟღენტი.

ონლაინ სამსახურის გაუქმების მცდელობა მაუწყებლის დირექტორს აქამდე რეორგანიზაციის მეშვეობით სურდა, რაც მაუწყებლის და თავად ონლაინ სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან მისი ახალი ამბებიდან ჩამოშორების მცდელობად შეაფასა.

რეორგანიზაციის გეგმას, რომლითაც ონლაინ სამსახური უქმდებოდა და ის ყველა სამსახურის დანამატი ხდებოდა, მრჩეველთა საბჭოს  მრჩევლობიდან ორის მხარდაჭერა არ ჰქონდა. რეორგანიზაციისთვის კი აუცილებელი იყო 5-წევრიანი მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის მხარდაჭერა, რაც დირექტორმა ვერ მიიღო, საკითხი აღარ განიხილეს.

ერთ-ერთმა მრჩეველმა, სოსო სტურუამ კი, რომელიც რეორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერი იყო, განაცხადა, რომ ბრალდებები კონკრეტული ადამიანების ჩამოშორების შესახებ აბსურდულია და დირექტორს ცვლილებების განსახორციელებლად მექანიზმი ისედაც აქვს.

ონლაინ სამსახურის დებულების მიხედვით, ონლაინ სამსახურს ჰყავდა საკუთარი რედაქტორები და ისინი დამოუკიდებლად ჰქმნიდნენ ახალ ამბებს, აახლებდნენ საიტზე ინფორმაციას. პარალელურად საიტზე ტვირთავდნენ სატელევიზიო და რადიო პროდუქტებს და მართავდნენ სოციალურ ქსელებს.

ახალი დებულების მიხედვით კი, ონლაინ სამსახურს მხოლოდ სოციალური მენეჯერის ფუნქცია და მასალების საიტზე ატვირთვის კონტროლი დარჩათ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი ხანია კრიზისია და თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან, თუმცა საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის გამო, მოპოვებული გაფიცვის უფლება თანამშრომლებმა არ გამოიყენეს. თანამშრომლების ის ნაწილი, რომლებიც ღიად ადანაშაულებენ გიორგი კოხრეიძეს და მრჩეველთა საბჭოს სამ წევრს საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობაში ხელისუფლების სასარგებლოდ, ასევე არასასურველი დამოუკიდებელი ჟურნალისტების ჩამოშორების სურვილში, ეტაპობრივად ტოვებენ მაუწყებელს, ან ერთმევათ უფლებამოსილებები შექმნან ახალი ამბები მაუწყებელში ან იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები. 

ს​აგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა და არარსებულ ქუთაისის ბიუროში გადაიყვანა თეონა ხარაბაძე, რომელიც "ალტერნატიული პროფკავშირების წევრია".

საგანგებო მდგომარეობის მიზეზით, გააჩერა ყოველდღიური  „ჰეშთეგი“, მაშინ, როცა ჯგუფი გამოთქვამდა სურვილს გაეგრძელეებინა მუშაობა დისტანციურად – „ჰეშთეგის“ თანამშრომლები "ალტერნატიული პროფკავშირების" წევრები არიან.

მანამდე, სამსახურიდან გაათავისუფლა რვასაათანი გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელიც ასევე "ალტერნატიული პროფკავშირების" წევრი იყო. თეონა ბაკურიძემ სასამართლოს მიმართა, წამყვანის სარჩელთან ერთად გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ ორი სარჩელი შევიდა სასამართლოში.

მაუწყებლის მენეჯერთან სამართლებრივი დავა აქვთ ახალი ამბების სამსახურის ყოფილ უფროსს, შორენა ღლონტს და ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფენ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში