ბათუმში ინფიცირებული ექთანი, შესაძლოა დაუმორჩილებელი კოვიდ პაციენტისგან დაავადებულიყო - ნინო ნიჟარაძე

30 მარტი 2020, 23:45 7667 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული ექთანი, შესაძლოა დაუმორჩილებელი პაციენტისგან დაავადებულიყო, რომელიც პირველი ორი დღე ანალიზების ჩატარებაზე უარს აცხადებდა. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოგვიანებით ამ პაციენტს კოვიდ 19-ი დაუდასტურდა.  

"აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ექთნის ერთ-ერთ პაციენტთან ურთიერთობას, რომელსაც დადასტურებულად ჰქონდა კორონა ვირუსი. ამ პაციენტს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დაუმორჩილებელი იყო, მას კი სამედიცინო მომსახურებას აღნიშნული ექთანი უწევდა. ვეჭვობთ, რომ აღნიშნული კომუნიკაცია შესაძლებელი ყოფილიყო ინფიცირების წყარო, თუმცა ამას მოგვიანებით ლაბორატორიული კვლევით დავდგენთ ზუსტად. 

აღნიშნული პაციენტი სერვისის მიღებაზე უარს აცხადებდა, ორი დღე იყო მცდელობა კვლევაზე დაგვეთანხმებინა, აცხადებდა უარს. ორი დღის შემდეგ, მედპერსონალთან აღარ ჰქონია შეხება. ის გადაიყვანეს მედალფას კლინიკაში, ჩაერთო პროცესში ფსიქოლოგი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა პაციენტმა ანალიზების გაკეთება" - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.  

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკვე დადგენილია ყველა ახლო კონტაქტი, მას შემდეგ რაც ანალიზის პასუხები მიიღეს. "იდენტიფიცირებულია ყველა სამედიცინო და ოჯახური კონტაქტი, ისინი იმყოფებიან იზოლაციაში და მკაცრი კონტროლის ქვეშ. მათ დამატებით ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები.წინ გვაქვს 12 დღე კონტროლისთვის, საეჭვო კონტაქტებს ჩავუტარეთ კვლევა და არ დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ექთნის შემთხვევით კონტაქტებს, გაიდლაინით რაიმე სიმპტომები შემთხვევაში, მათ მიიღებს ინფექციური საავადმყოფო და ჩაუტარდებათ კვლევა" - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

ჯანდაცვის სამინისტროში გამორიცხავენ, რომ ეს ექთნის შეცდომის შედეგი იყოს, რადგან ის პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა წესს იცავდა. 

ბათუმში, მედალფას კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდ ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს. მათთგან ერთი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა. ერთს კი პნევმონია აქვს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

საქართველოში ერთადერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. ის, რომ მედ პერსონალი დაინფიცირდა ამის შესახებ ჯერ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა, შემდეგ კი ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაუდასტურა.

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი