ჩვენთვის მიუღებელია მოვალეობის შემსრულებლად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა - მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება

06 მარტი 2020, 14:17 3605 ნახვა

ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელთა დიდი ნაწილი განცხადებას ავრცელებს: "საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ რამდენიმეთვიანი კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ახალი ამბების სამსახურიდან უსამართლოდ და სარედაქციო პოლიტიკის საბოლოოდ შეცვლის მიზნით, მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის გათავისუფლების ფონზე, ჩვენთვის მიუღებელია მოვალეობის შემსრულებლად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა.

ამასთან, მისი შეხედულებები უმცირესობებთან დაკავშირებით, სექსისტური და დისკრიმინაციული განცხადებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის ეთიკურ სტანდარტს. მაუწყებlის დირექტორის ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ იგი არ იზიარებს ახალი ამბების გუნდის სულისკვეთებას და არ სურს ვითარების განმუხტვის მიზნით, დროებით, მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს ჩვენ მიერ შეთავაზებული ანალიტიკური გუნდის გამოცდილი რედაქტორები.

ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებისას, დირექტორმა ახალი ამბების უფროსთან (რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა) შეთანხმების გარეშე რედაქტორის პოზიციაზე დანიშნა ფირუზ ბოლქვაძე. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი არ იზიარებდა გუნდის ერთსულოვნებას და არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით მიმდინარე პროცესებში ღირებულებითი საკითხების მიმართ. ამ შეთავაზების მიღებით კი იგი ფაქტობრივად დაეთანხმა მენეჯმენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს.

კიდევ ერთი გარემოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის კონსულტანტს უკავშირდება. ეს პოზიცია დირექტორმა ლალი ბერძენიშვილს ჩააბარა და გიორგი აბაზაძეს დამხმარედ დაუნიშნა (კონსულტანტი ამბობს, რომ არ არის პასუხისმგებელი შინაარსზე).

ცნობისთვის, დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ ახალი ამბების უფროსს მოადგილე (დამხმარე) არ სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილებამ კი კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, რომ გიორგი კოხრეიძის და მისი მხარდამჭერი მრჩევლების მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანის, მაია მერკვილაძის რედაქციიდან ჩამოშორება იყო.

უნდობლობის, ცინიზმისა და არაკვალიფიციური ხელმძღვანელების პირობებში ახალი ამბების დაგეგმვა და მომზადება ან მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობის აღება ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია. ამ პროცესს უკვე გამოეხმაურა ევროპის საბჭო, მანამდე კი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე,“ ჩვენ გვაქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ამასთან, ყველასთვის ცნობილია, როგორ აირჩიეს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, სასამართლოს იარაღად გამოყენების შედეგად, გიორგი კოხრეიძე „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა. ცნობილია, რომ სწორედ ამის შემდეგ გახდა ნათია ზოიძე ზეწოლის და დევნის მსხვერპლი. ამას მოჰყვა რედაქტორის ნათია შავაძის შეთავაზების გარეშე გათავისუფლება, შემდეგ მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება, მიუღებელი პოლიტიკის გამო ნინო ხოზრევანიძის სამსახურიდან წასვლა და ახალი ამბების უფროსის შორენა ღლონტის დისციპლინური დევნის საფუძველზე, რედაქციიდან ჩამოშორება. ქრონოლოგია და ფაქტები დღითიდღე გვარწმუნებს, რომ საბოლოო შედეგი იქნება ახალი ამბების შინაარსის შეცვლა და ცენზურა, რაც დირექტორის პირველივე საჯარო განცხადებებიდან იკვეთებოდა. მივმართავთ მენეჯმენტს და მრჩეველთა საბჭოს აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ მძიმე ვითარებაზე და გადადგან ადეკვატური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება კიდევ უფრო მეტი გათავისუფლებული, ან სამსახურიდან იძულებით წასული ადამიანი, დაშლილი წარმატებული გუნდი და მხოლოდ დირექტორის და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მხარდაჭერილი კადრებით შექმნილი შინაარსი. მივმართავთ, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის დეპუტატებს აიღომ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებზე და პატივი სცენ" - წერია განცხადებაში. 

საზოგადოებრივი მაწუყებლის ახალ ამბებში კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც დირექტორის გადაწყვეტილებით ჯერ გაუქმდა ახალი ამბების უფროსის მოადგილის შტატი, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს საინფორმაციოს უფროსი.  ახალ ამბებში არ დარჩა პასუხისმგებელი პირი, რომელიც ნიუსრუმს ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე საინფორმაციო სამსახურის გადაცემებს დაგეგმავდა. 

ახალი ამბები ითხოვდა, რომ მოქმედი რედაქტორებიდან დანიშნულიყო მოვალების შემსრულებელი, რაზეც უარი მიიღეს. პარალელურად მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი გაფიცვისთვის ემზადება.  

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში