პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

02 მარტი 2020, 11:32 2272 ნახვა

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები დარეგისტრირდებიან.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება. დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში, მშობელი სკოლის თანამშრომელია, ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

უწყების ინფორმაციით, მესამე ეტაპი საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მეოთხე ეტაპი კი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში