კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი გარდაიცვალა

29 თებერვალი 2020, 15:15 1832 ნახვა

ირანის პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს, გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, მას ირან-ერაყში ომის დროს მიყენებული ტრავმები ჰქონდა, რამაც დააჩქარა ვირუსის განვითარება.  ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 45 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 593-ს აღწევს. ჩინეთში კი, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 835-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 251-ს. BBC-ის ინფორმაციით, 2931-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია.

83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია. აშშ-ში კორონავირუსის საფრთხის გამო ასეანის სამიტი გადაიდო, რომელიც 14 მარტს უნდა გამართულიყო. ასეანის სამიტთან ერთად გადაიდო თეთრ სახლში ავსტრიის კანცლერის ვიზიტიც, რომელიც ვაშინგტონში, 3 მარტს იგეგმებოდა. რთული ვითარებაა იტალიაშიც. თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Goole-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში