სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს და პირველი სასაზღვრო ბოძი განათავსეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებენ.
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვართან პირველი ბოძი დამონტაჟდა. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამონტაჟებული პირველი ბოძის ფოტო გაავრცელა და დაწერა: „სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშისა და ყაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ბოძი დამონტაჟდა“.
გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სასაზღვრო 8 სოფელთან დელიმიტაციაზე შეთანხმება მიღწეულია.