როდის შეასახლებს ხულოს მერია ახალ შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს?

12 თებერვალი 2020, 14:30 464 ნახვა

როდის შეასახლებს ხულოს მერია ყოფილი სასამართლოს შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალ საცხოვრებელში, ახლა უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ტენდერი და რა ვადებში მოხდება მათ მიერ შესყიდულ კორპუსზე საკვამურების მონტაჟი. 

ხულოს მერიამ სოციალურ სახლზე საკვამურების დასაყენებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულს ელის.  სატენდერო პირობების თანახმად  კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა დაასრულოს.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ თავის დროზე შენობაზე საკვამურების დაყენება პროექტით არ იყო გათვალისწინებული.

"სოციალურ სახლზე თავის დროზე საკვამურების დაყენება პროექტით არ იყო  გათვალისწინებული. მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ, გადავწყვიტეთ გამოგვეცხადებინა ტენდერი. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახებს ღუმელების გარეშე გათბობა გაუჭირდებათ,  როგორც კი დასრულდება საკვამურების დაყენება სახლში ოჯახების შესახლებას დავიწყებთ"- განუცხადა აჭარის მაუწყებელს ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძემ.

ხულოს მერიამ აღნიშნული 4 სართულიანი კორპუსი 2017 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კერძო პირიდან შეიძინა. მუნიციპალიტეტის სწორედ მას შემდეგ ცდილობს შენობის დასრულებას და იქ ოჯახების შესახლებას, თუმცა იგი ამ დრომდე ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, შესაბამისად, იქ არც სოციალურად დაუცველები შეუსახლებიათ. 

შენობის შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 800 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა კომისიამ იქ ხარვეზები მალევე დააფიქსირა. შენობის ეზო არ იყო კეთილმოწყობილი, მას არ ჰქონდა საკვამურები და პრობლემური იყო სათავსოებიც.

იმ ოჯახებმა, რომლებიც აღნიშნულ შენობაში შესახლებას რამდენიმე  წლის განმავლობაში ელოდნენ დღემდე  არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს პროცესის დასაჩქარებლად.

საკვამურების მონტაჟზე გამოცხადებული ტენდერი 5 დღეში სრულდება. მერია მზადაა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 4 984 ლარი გადაუხადოს.

შენობაში სულ 23 ბინაა, აქედან 11 ყოფილი სასამართლოს შენობაში მცხოვრებ პირებს გადაეცემათ, დარჩენილი 12 კი სოციალურად დაუცველებსა და უსახლკაროებზე გადანაწილდება, რომლებსაც სპეციალური კომისია შეარჩევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში