ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ დისკუსია არ შედგა - საფრანგეთის ელჩი

19 დეკემბერი 2019, 20:19 2063 ნახვა

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. დიეგო კოლასმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ოპოზიციის მოთხოვნებზე და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტზე. 

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება. ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არასერიოზულს უწოდეს. გასულ კვირას ''ქართული ოცნების ლიდერები'' და ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შეხვდნენ. 

''ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ დისკუსია არ შედგა. ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი შედგეს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს საფრანგეთის ელჩმა.

დიეგო კოლასის თქმით, ის რომ ქვეყანაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსიაა და რომ ეს დისკუსია მწვავეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, ნორმალურია.

ნინო ხოზრევანიძე: უკვე ყოველდღიურად ვხედავთ პოლიტიკური ოპონონტების დაპირისპირების ფაქტებს. ხელისუფლებასთან ერთგვარ კონფლიქტშია სამოქალაქო საზოგადოება და ხშირ შემთხვევაში კრიტიკული მედიაც. დაპირისპირების საგანია პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება და მოსამრთლეთა უვადოდ არჩევის წესი, ასევე რუსეთთან პოლიტიკაც. საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს პოლიტიკურ კრიზისს.

როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ეს არის ხელისუფლების კრიზისი თუ ამის აღქმა ხდება შემდეგნაირად, - რომ ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები?

დიეგო კოლასი: ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კრიტიკული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა, ასევე ნორმალურია. იგივე შეიძლება ითქვას კრიტიკულ გამოცემებზე. მთავრობა და ოპოზიცია, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ის რომ საზოგადოებაში მთელი რიგი უთანხმოება არსებობს აუცილებლად სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით ეს ჯანსაღი დემოკრატიის დამადასტურებელია. საქართველოში რაც განსაკუთრებულია, ისაა, რომ რამდენიმე კვირაა საარჩევნო პროცესის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. 1 წელიწადში საქართველოში არჩევნები გაიმართება. არჩევნებამდე ისმის კითხვა, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება თუ არა შესაძლებლობა დიდი დისკუსია გამართოს საქართველოს მომავალზე, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, ის ვინც ხელისუფლებაშია დღეს ან ვინც ოპოზიციაშია, ან სამოქალაქო საზოგადოებას, ან ჟურნალისტებს, რომ გამოვიდნენ წინადადებებით;

გვაქვს დისკუსია უთანხმოებების თანხლებით თუ გვაქვს შეტაკება, რომელშიც საზოგადოება არ ეთანხმება თამაშის წესებს და ეს დისკუსია არ მიმდინარეობს, რადგან კონფრონტაცია ძალიან ძლიერია. 2020 წელს 2024-ის ნაცვლად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინადადების უპირატესობა დაძაბულობის დაწევა და იმის გამარტივება იყო, რომ მომავალი არჩევნებისთვის დისკუსია გამართულიყო, თუ რას უნდა ელოდეს საქართველო და რას ელიან პარტნიორები საქართველოსგან მომავალ წელს. რიგი მიზეზების გამო ეს ალბათობა არ შესრულდა და აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა პოლიტიკურ ძალებს შორის უნდობლობის ნაკლებობაა.

ამისათვის დაიწყო პროცესი, რომელსაც მოდერაციას უწევენ დასავლელი და ევროპელი პარტნიორები, რათა წესებზე მინიმალური შეთანხმება მოხდეს, რომ გადავიდეთ დიდ დისკუსიაზე, სადაც ერთი პატივს სცემს მეორეს სიტყვას, პატივს სცემს უთანხმოებას, მაგრამ იცავს თავის იდეებს და ითხოვს მოსახლეობას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ამ დისკუსიის პირობები შეიქმნას და ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ დაწყებული დიალოგის პროცესი კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.

ნინო ხოზრევანიძე: ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების 3 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლება არ მიდის კომპრომისზე, ოპოზიცია აგრძელებს საპროტესტო აქციებს. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

დიეგო კოლასი: ვფიქრობ ცოტა ადრეა იმის თქმა რომ დისკუსიებს შედეგი არ აქვს. დისკუსიები გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითავისოს, რომ მათ ინტერესებშია ამ პროცესის წარმატება, რადგან კიდევ ერთხელ, საქმე ეხება მომავალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას შეძლებისდაგვარად წყნარ გარემოში, იმისთვის რომ საქართველოში დაისვას ყველა კითხვა, რომელიც დაისმის, რომელიც დასმის ღირსია საგარეო პოლიტიკასთან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან, სოციალურ პოლიტიკასთან, გარემოს დაცვის პოლიტიკასთან და სხვა ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკასთან დაკავშირებით, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ამ პროცესის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში