მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს დაინტერესდნენ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით - პოლიტიკური პარტიების განცხადება

03 დეკემბერი 2019, 16:27 1645 ნახვა

აჭარაში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს, 3 დეკემბერს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამბობენ, რომ ხელისუფლება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში  სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს. 

პოლიტიკოსები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მიმართავენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვეს, რომ მაუწყებლისთვის სტატუსის შეცვლაც იგეგმება. 

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

''საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაუქმება. ასევე ხელისუფლება ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რისი მაგალითიც არის მაუწყებლის დირექტორის არჩევა ფორსირებულ  რეჟიმში. მოქმედი დირექტორისა და ჟურნალისტების ჩამოშორების მცდელობა საინფორმაციო სამსახურშიც. 

მოვუწოდებთ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ  არასამთავრობო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით, რათა დაცული იქნას თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ასევე მედია მენეჯერებისა და ჟურნალისტების უფლებები. 

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მკაფიოდ განმარტოს და აუხსნას საზოგადოება რა ცვლილებები იგეგმება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსთან დაკავშირებით'' - წერია განცხადებაში.  

განცხადებას წელს აწერენ: ​''ახალი საქართველო'', ''ევროპული საქართველო'', ''რესპუბლიკური პარტია'', ''გირჩი'', ''ნაციონალური მოძრაობა'', ''შენების მოძრაობა'' და ''ემსახურე საქართველოს''. 

​მოგვიანებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ მაუწყებელი შესაძლოა პირველი არხის ფილიალად იქცეს. 

''სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სხვადსხვა წყაროებისგან, რომელიც დადასტურებული არ არის. ბევრი კითხვითი ნიშანი გაჩნდა, იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააუქმოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლის სტატუსი და დაუქვემდებაროს პირველ არხს. თავისთავად ის ფინანსები, რომლის განკარგვაც ხდება აჭარის ტელევიზიის მიერ, მოხდება ცენტრალიზებულად. მას არც დირექცია ეყოლება და სავარაუდოდ იქნება ფილიალის მსგავსი. ის გადაცემები, რომელიც დღეს აქტუალურია და განსაზღვრას რეგიონის ცხოვრებას ბადიდან ამოიღებენ. რეგიონი კი დაკარგავს მაუწყებელს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია'', - განაცხადეს ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი თემაზე მუშაობს. დამატებით კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში