აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია - საია

02 დეკემბერი 2019, 18:37 1416 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე საუბრობს. 

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

''მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.

საია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის დირექტორის მხრიდან.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის  დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. არჩეულის დირექტორის - გიორგი კოხრეიძის არჩევასთან დაკავშირებით კი არაერთი კითხვა არსებობს.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება'', - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი პირველად საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებს, 29 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების ნაწილმა თქვა, რომ გიორგი კოხრეიძე მოადგილეს, ნათია ზოიძეს ფაქტების გამოქვეყნებით დაემუქრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში