"ქართული ოცნების" სხდომა აქციის პარალელურად მიმდინარეობს

25 ნოემბერი 2019, 10:17 1496 ნახვა

"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. უმრავლესობის ოფისთან, მობილიზებულია სამართალდამცავები, რადგან სხდომის პარალელურად მოძრაობა "შეცვალეს" აქცია  მიმდინარეობს. 

"ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, სხდომაზე საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებზე უნდა იმსჯელონ, რადგან მათი პოზიციები "პროპორციული საარჩევნო სისტემის" ჩაგდების შემდეგ, ვაკანტურია. მმართველი გუნდის დეპუტატებმა პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.  

შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს. სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე.

როგორც იცით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის კვოტით არჩეულ მაჟორიტარებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტი ჩააგდეს და მხარი არ დაუჭირეს.

დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა საარჩევნო საკითხებს შეეხებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დამატებითი დეტალები უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში