"ქართული ოცნება" არ დაშლის უმრავლესობას, დეპუტატები არ გაირიცხებიან" - არჩილ თალაკვაძე  

14 ნოემბერი 2019, 13:29 3878 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას  მხარი არ დაუჭირეს ''ქართული ოცნების'' რიგებიდან არ გარიცხავენ. 

''ქართული ოცნება'' არ დაშლის უმრავლესობას. 30-მდე დეპუტატის გარიცხვას არ ვაპირებთ, რომლებმაც არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას'' - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით.

„ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში. როგორც გახსოვთ, როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ და შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, საკმარისი ხმების მობილიზება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა. ეს ხმები არ აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში