„კრემლში დაწერილი სცენარია„ - თეონა აქუბარდია კინოთეატრებთან აქციებზე

09 ნოემბერი 2019, 23:30 3058 ნახვა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი და ძალადობრივი აქციები „კრემლში დაწერილი სცენარია„ - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში,  თეონა აქუბარდია კინოთეატრებთან დაწყებულ აქციებს, სხვადასხვა რადიკალური ჯგუფებისა და მოქალაქეების ნაწილის პროტესტს.  

მიიჩნევს, რომ რუსეთის ინტერესებშია ანტიდასავლური განწყობების გააქტიურება საქართველოში, შედეგად კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში მოხვედრა.       

 

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ორი დღეა, კრემლში დაწერილი სცენარია. რუსეთის პოლიტიკის მიზანია  საქართველოში ქაოსის გამოწვევა, საზოგადოების გახლეჩვა, პოლარიზაცია, ასევე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიადაგის  შექმნა, იმისთვის  რომ ანტიდასავლური ძალები უფრო მეტი რაოდენობით იყოს პარლამენტში. 

მიუხედავად იმისა, რომ კინოსეანსები შედგა და პოლიციამ იმუშავა, ეს იყო ძალადობრივი აქცია. ამას მოზემობს გამოხმაურებები, როგორც რუსულ, ასევე დასავლურ პრესაში, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მიზანი მიღწეულია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის იყო განსხვავებული აზრის, რელიგიის თუ რასის შემწყნარებლობა, ჩვენ ყალბ ფასეულობებს გვახვევს თავზე  „ქართული მარში„ იქნება ეს თუ ლევან ვასაძე,  რომელებიც საკმაო ახლოს არიან კრემლის იდეოლოგებთან - დუგინითან, რომელიც  ვასაძის მეგობარია, თუ პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელთან და ა.შ. კრემლის ინტერესია, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებოდეთ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, ხელოვნური დაპირისპირების გამო, გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა და არ ვკონცეტრირდეთ რეალურ გამოწვევებზე ქვეყანაში„ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის სახელმწიფოს როლი ასეთ სიტუაციაში და როგორია უკვე გატარებული ზომები, ექსპერტი მიიჩნევს, რომ  ხელისუფლება არის დაინტერესებული ამ ჯგუფების საქმიანობით.

„ჩვენ გვახსოვს ამ ჯგუფების სცენაზე პირველი გამოსვლა, როდესაც იყო ბასიანის შემთხვევა. ეს ჯგუფი დაუპირისპირდა იმ საზოგადოებას, რომელიც იყო ბასიანის მოვლენებიდან გამომდინარე აღშფოთებული შსს მინისტრის ქმედებებით, შემდეგ ჩვენ ვნახეთ ხელოვნურად შექმნილი ლგბტ თემასთან დაკავშირებით პროტესტი,  სადაც ასევე იყო დიდი რისკი იმის, რომ მოხდებოდა დაპირისპირება ორ განსხვავებულ  ჯგუფს შორის. სამაგიეროდ, მე არ მახსოვს ამ ჯგუფის პროტესტი რუსულ ოკუპაციასთან, ან კიდე  ქვეყნის იმ პრობლემებთან, რომელიც  პოლიტიკურ და სოციალური მდგომარეობიდან არის გამოწვეული. არც მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე დაპირისპირებიან ხელისუფლებას ღიად.  ხდება ხოლმე ისე, რომ ისინი რაღაც თემებს ფარავენ და  ამით  ხელისუფლების სასარგებლო ქმედებებს ჩადიან, 

მგონია, ამჯერად გადაფარეს საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ლევან ვასაძის ჯგუფი და მხარდამჭერები არ არიან პირველად კანონის წინააღმდეგ გამოსულები, გვახსოვს მათი დებიუტი ივნისში, რასაც არანაირი სანქცია არ მყოლია. ლევან ვასაძემ თავად განაცხადა, რომ ორჯერ შეხვდა  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა რა თემაზე არ აკონკრეტებს. ფაქტი ერთია, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია.

 

ეს რომ იყოს სამართლებრივი სახელწიფო, ჩვენ ვიხილავდით ძალადობრივ მოწოდებებზე რეაგირებას, რომელსაც ეს ჯგუფი ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ორი მიმართულება იკვეთება ამ ჯგუფებთან დაკავშირებით,  ეს არის კრემლის ინტერესები და მეორე ხელისუფლება, რომელიც ამ ჯგუფის მეშვეობით თემების  გადაფარვას ახდენს“ - განაცხადა აქუბარდიამ გადაცემა „კვირის მთავარში“. 

 

ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება რადიკალურ დაჯგუფებების მიმართ, საზოგადოებაში დაუცველობის შეგრძნებას ზრდის და სახელმწიფო ინსტიტუტებს რეალურად ასუსტებს. 

„პოლიციაზე მუქარა, რომელიც გამუდმებით გვესმის ლევან ვასაძის მხრიდან, ეს არ არ მხოლოდ ერთ  პოლიციელზე ზეწოლა, ეს არის მთლიანად ხელისუფლებაზე ზეწოლა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ  ბიძინა ივანიშვილსაც უპირისპიდება, როგორც არაფორმალურ მმართველს და გარკვეულ წილად, საკრალურ  ხაზებზე საუბრობს ის.

ამბობს, რომ  ხელისუფლებას აწყობდა ამ ჯგუფის ამ ფორმით არსებობა, ვხედავთ რომ გარკვეულ ჯგუფს აქვს სურვილი  მონოპოლიზაცია მოახდინოს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ღირებულებებზე და გვიკარნახოს რა ვნახოთ, რა წავიკითხოთ რა ჩავიცვათ.  ეს არის დაუშვებელი, აქ არის ხელისუფლების პრობლემა. ეს პოლიტიკური ფლირტი კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება,  რაც შეიძლება საკმაოდ ძვირად დაუჯდეს ბიძინა ივანიშვილს"

- რას უნდა ველოდოთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში? 

ვფიქრობ ეს ჯგუფები უფრო აქტიურები იქნებიან. მათი მიზანია, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ქვეყანაში. ამ ჯგუფის მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ  არასტაბილური ვითარების  შექმნა. მათი ლიდერები კრემლის პირდაპირი დასაყრდენები არიან საქართველოში„ - ფიქრობს თეონა აქუბარდია.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში