ბათუმში ''აპოლოს'' პოლიცია ისევ იცავს - ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' დღე მეორე 

09 ნოემბერი 2019, 19:24 1528 ნახვა

ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'', სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებები მიმდინარეობს, დღესაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს დ აცხადებს, რომ „თუ აქციაზე დაფიქსირდება კანონდარღვევა, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნება“.

კოტე ანანიაშვილის განცხადებით, სამართალდამცველები ასევე სწავლობენ, გუშინ, 8 ნოემბერს კინოთეატრთან მომხდარ ფაქტებს. ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებლების მისამართით, აქციის მონაწილეებმა კვერცხები და პეროტექნიკა ისროლეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ კანონის შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„საპოლიციო ძალები განლაგებულია კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაიცვან კანონი. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში მოხდება რეაგირება. საჭიროების მიხედვით, ასევე პერიოდულად ხდება ჩანაცვლება საპოლიციო ძალების და საჭიროების მიხედვით, მოხდება გაზრდა ან შემცირება. ყველა შესაბამისი ფაქტი იქნება შესწავლილი შსს მიერ და იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“- განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

გუშინ, 8 ნოემბერს, ბათუმის კინოთეატრთან ფილმის პრემიერის პარალელურად მიმდინარე აქციაზე, სამი ადამიანი დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში