მოქალაქე ირწმუნება, რომ დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა, დაემუქრა და აგინა 

25 ოქტომბერი 2019, 21:51 6584 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუხრან ვახტანგაძემ მას აგინა. ვიდეო ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ისმის, რომ ღოღობერიძე თავად ურეკავს მამაკაცს, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.

''ვიცი, რომ საუბარს იწერ, მე ხომ ვიცი რომ იწერ, ჩაიწერე, მოუსმინე... მოასმენინე ვისაც ჩემი ცხოვრების წესი არ მოსწონს.  - ეუბნება ''ქართული ოცნების'' დეპუტატი და წარსულში ცნობილი სპორტსმენი ღოღობერიძეს. 

საუბრისას, სავარაუდოდ, პარლამენტარი აგინებს ღოღობერიძის დედას, დას, ცოლს. მოგვიანებით კი მთელს ოჯახს აყენებს შეურაცხყოფას.

''რატომ მაგინებ მუხრან ბატონო, რატომ? ახლა გეტყობა, რომ ნასვამი ხარ და  შეურაცხყოფას მაყენებ, ამიხსენი აბა რატომ მაგინებ '' - ეუბნება ღოღობერიძე მამაკაცს. 

''იმიტომ, რომ კორუმპირებული ხარ,  შენ მე დაგანახებ ვინ ვარ - პასუხობს ხმა. 

სატელეფონო საუბრის დროს ღოღობერიძე მამაკაცს სახელით მიმართავს, ტელეფონში კი ჩაწერილი ჰყავს, როგორც მუხრან ვახტანგაძე. 

მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ დეპუტატის გაღიზიანება ქედაში სასპორტო სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, მის მიერ დაწერილმა პოსტმა გამოიწვია.

,,ბიძინა ივანიშვილი დავიცავი და ამისთვის ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა მაგინა, სასაცილოა. მუხრან ვახტანგაძის ლობირებით დაინიშნა ქედაში ჯიჯავაძე, რომელიც გახლდათ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი. ის წარსულში, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილს  შეურაცხყოფას აყენებდა, სწორედ მისი დანიშვნა გავაპროტესტე. დავწერე ვინ დაანიშნინა ქედის მერს ეს კაცითქო? აღმოჩნდა, რომ მუხრან ვახტანგაძემ. 

გამოვიძახე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ვითხოვ დროულ რეაგირებას'',  - ამბობს ღოღობერიძე.

 

ბათუმელების ინფორმაციით, მუხრან ვახტანგაძე მუქარას უარყოფს, შეურაცხყოფის მიყენებას კი ადასტურებს. 

„დამუქრება რაში მდგომარეობს? მერაბ ღოღობერიძე რასთან დაკავშირებით იჯდა ციხეში? მთელმა აჭარის მოსახლეობამ იცის, ვინ არის მერაბ ღოღობერიძე. ის უთავმოყვარეო ადამიანი, თახსირი, გარეწარი, ინტრიგანი… მაგის საქმე არ არის სპორტი, მიხედოს თავის ბინძურ სულს და წარსულს. ღამის 9 საათზე რომ არ დარეკოთ და დღისით დარეკოთ, არ შეიძლება?“ - ამბობს დეპუტატი. 

მერაბ ღოღობერიძე ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში