ქვეყანაში პედოფილიის რეალური საფრთხე არსებობს - ბაია პატარაია

23 ოქტომბერი 2019, 12:50 896 ნახვა

საქართველოში, მხოლოდ 6 თვეში პედოფილიისთვის პასუხისგებაში 28 პირი მისცეს. გასულ წელს კი, პედოფილიის 280-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

სპეციალისტები საუბრობენ, რომ საქართველოში ეს მონაცემები ძალიან მაღალია და ქვეყანაში რეალურად დგას ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საფრთხე. 

​ამ მოცემულობას პრობლემად აღიქვამს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც წინა წლის მონაცემებზე დაყრდობით გადაწყვიტა, რომ სასჯელის გამკაცრება აუცილებელი იყო. კანონპროექტი სამინისტრომ მთავრობას თებერვალში წარუდგინა. 

ერთი მხრივ კანონის გამკაცრება და მეორეს მხრივ პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს, ბავშვის ხელოვნურად სექსუალიზაციის  და სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნების თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. პრევენციაზე ზრუნვა კონკრეტულ შემთხვევას მოჰყვა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მშობელმა თავად განათავსა ვიდეო, სადაც 7 წლის გოგონა ასაკთან შეუსაბამოდ იყო ჩაცმული, ჰქონდა მაკიაჟი. სპეციალისტების თქმით, მისი ქცევა და მანერები ასაკთან შეუსაბამო და დასწავლილი იყო.

საზოგადოებაში ამ მიმართულებით დისკუსია დაიწყო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ''საფარის'' ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში პედოფილიის რეალური საფრთხე არსებობს. ბაია პატარაიას თქმით, სახელმწიფოს შეუძლია მშობელს ბავშვი ჩამოართვას თუ თვლის, რომ მის გასაზრდელად ოჯახში არასათანადო გარემოა. 

''ასეთი ვიდეოების გამოტანა მოზარდს პირდაპირ სამიზნედ აქცევს, შეიძლება ვიღაცა გადაეკიდოს ამ ბავშვს, უთვალთვალოს ან მომავლში შეუქმნას პრობლემები, რადგან ასეთი გასაჯაროებით მისი თვალთახედვის არეალში მოხვდება. ეს კონკრეტული შემთხვევა ბავშვის უფლების დარღვევაა. ბავშვის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ცხადია ვინ ამას ხედავს უნდა ისაუბროს პრობლემაზე. უნდა შეატყობინოს სახელმწიფო სტრუქტურებს. ამ საკითხზე ცნობიერება დაბალია. ბევრ მშობელს დღემდე გონია, რომ ბავშვს რასაც უნდა იმას ჩააცმევს და გააკეთებინებს, რადგან მისი შვილია. უნდა გაიგონ, რომ სინამდვილეში ასე არ არის. 

ჩვენს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა მესამე ადამიანი ფიქრობს, რომ ბავშვის ცემა ნორმალურია და ეს არის აღზრდის მეთოდი. სინამდვილეში ბავშვის ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული. დღეს არაერთი მშობელი სასჯელს იხდის იმისთვის, რომ საკუთარი შვილი ცემა'' - ამბობს ბაია პატარაია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში