პედოფილიის ფაქტზე პირს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს

25 თებერვალი 2019, 00:00 1826 ნახვა

პედოფილების მიმართ შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს და ასეთი დანაშაულისთვის პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა. 

"პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული, ეს ადრე ასე არ იყო'', - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

პროექტზე მუშაობა შსს გასულ წელს დაიწყო. რომელიც ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვასაც.

საინფორმაციო პორტალი on.ge  გასული წლის სტატიაში ამ თემაზე წერდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შსს შექმნის სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზას, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი