დაიხურება თუ არა ბათუმის ცენტრალურ უბანში ორი საჯარო ბაღი

21 ოქტომბერი 2019, 14:06 4467 ნახვა

მომავალი წლიდან, საბავშვო ბაღმა ავტორიზაციისთვის 5 სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს. 

  • ინფრასტრუქტურა
  • განათლების ხარისხი 
  • კვების რაციონი
  • თანამშრომლების კვალიფიკაცია 
  • სანიტარულ ჰიგიენური ნორმები

ინფრასტრუქტურაში - დამოუკიდებელი შენობა და საკუთარი ეზო იგულისხმება. თუ საბავშვო ბაღს ეს ორი კომპონენტი არ ექნება მოწესრიგებული, 2021 წლიდან ფუნქციონირების უფლებას დაკარგავს. 

ასეთი საჯარო ბაღი ბათუმში ორია. სავარაუდოდ, ამ წესის ამოქმედების შემთხვევაში, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, 2 ბაღი დაიხურება, რადგან საცხოვრებელი კორპუსის ბინებშია განთავსებული. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ავტორიზაციის პროცესში გარდამავალი პერიოდი ექნებათ და არ გაღრმავდება კრიზისი, რომელიც ბათუმშია. საჯარო ბაღს მიღმა, წელს 1600 ბავშვი დარჩა. 

"ვმსჯელობთ შესაძლებლობაზე, რომ ამ ორი ბაღის აღსაზრდელები გადავანაწილოთ სხვა ბაღებში, ან ახალის მშენებლობაზე"  - ამბობს მერიის განათლების განყოფილების უფროსი, ლამზირა ბოლქვაძე.

პრობლემას ამწვავებს ის ფაქტი, რომ ცენტრალურ ნაწილში მერიას ბაღის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი აღარ აქვს.  

ბათუმის მერი ფიქრობს, რომ ავტორიზაციის პროცესში ინფრასტრუქტურული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, გარდამავალი პერიოდიც დაიშვება. 

ლაშა კომახიძე: ,,ჩვენ ვფიქრობთ და ვიფიქრებთ, როგორ შეიძლება ამ პირობების გაუმჯობესება, პრობლემა არის ფიზიკურად მიწის არარსებობა ამ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც მერია შეძლებდა ბაღის აშენებას". 

ავტორიზაცია სავალდებულო რომ გახდებოდა, ამის შესახებ კანონში 4 წლის წინ ჩაიწერა. ავტორიზაციის წესი ამ დრომდე არ დამტკიცებულა. კანონპროექტის ინიციატორი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამით რეფორმა ფერხდება, კანონი კი ირღვევა. მიიჩნევს, რომ  მუნიციპალიტეტებს დრო ჰქონდა გაეუმჯობესებინათ მდგომარეობა ან აეშენებინათ ახალი ბაღები.  

თუ პროცესი არ შეფერხდა და მთავრობამ დადგენილება დროულად მიიღო, ავტორიზაცია მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება, ინფრასტრუქტურული სტანდარტი კი, ძალაში აპრილიდან შევა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში