იაპონიაში ტაიფუნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

12 ოქტომბერი 2019, 10:51 2027 ნახვა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილია 40 წლის მამაკაცი, რომელიც  ავტომობილში იმყოფებოდა. ძლიერი ქარის გამო ავტომობილი ამოტრიალდა. 

ძლიერი ქარის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და ის ადგილობრივებს დაეცათ.

სინოპტიკოსების ვარაუდით  ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას მთელი ძალით 12 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს და ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, რომელიც ძლიერ წვიმასა და ქარს გამოიწვევს.

იაპონიის რამდენიმე რეგიონში ევაკუაციის განკარგულება  გუშინვე გაიცა. 16 ათასამდე მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა მაღაზიები და ქარხნები, გადაიდო 1600-მდე ავიარეისი.

ტაიფუნის გამო, იაპონიაში 12 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება.

ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ გააფრთხილა და ცხელი ხაზი გააქტიურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში