სახლთან ჩამოშლილი მიწის მასა მოქალაქემ საკუთარი ხელით გაიტანა

09 ოქტომბერი 2019, 13:49 751 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. უხვი ნალექის გამო, პრობლემა შეექმნა ერთ ოჯახს. 

ემზარ მახარაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომ მთის ფერდობი სახლთან ძალიან ახლოსაა, ძლიერი წვიმის დროს კი მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან. 

მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თვითმმართველობამ ის საგზაო დეპარტამენტთან გადაამისამართა. 

''სამსახურში ვიყავი, მეუღლემ დამირეკა და წამოვედი. სანიაღვრე არხს კალაპოტი შევუცვალე, მაგრამ ბოლომდე ვერ ავედი. ეს დროებითია და პრობლემა უფრო მასშტაბურადაა მოსაგვარებელი. სახლში ფეხმძიმე მეუღლე მყავს, ასე ცხოვრება სახიფათოა. დაახლოებით 5 წელია ამ პრობლემის წინაშე ვართ. წვიმების დროს ფერდობიდან მიწის მასა და წყლის დიდი ნაკადი ჩამოდის, სოფლის გამგებელსაც დავურეკე.

მოდიან, უყურებენ და მიდიან ისევ. სხვა არაფერი. ვითხოვ დამეხმარონ. აქ, რომ მიწა ჩამოვიდეს სახლიდან გამოსვლასაც ვერ მოვასწრებ, პირდაპირ სახლის შესასვლელთან ხდება ეს ყველაფერი,'' - გვიყვება ემზარ მახარაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა, რას გეგმავს თვითმმართველობა, ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი