''გავლენების მოხდენის მცდელობა აქვს პროკურატურას,'' - "ბათუმელების" დირექტორის ოჯახის წევრების საქმე

21 სექტემბერი 2019, 18:34 2296 ნახვა

''გავლენების მოხდენის მცდელობა აქვს პროკურატურას, ასევე სხვა ძალოვან უწყებებსაც'' - ასე შეაფასა "გაზეთ ბათუმელების" დირექტორის, მზია ამღლობელის ოჯახის წევრებზე ბრალის დამძიმების ფაქტი მალხაზ ჭკადუამ. 

"გაჭვირვალობა საქართველოს" რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აშკარაა პროკურატურის მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობა.    

''ძალოვანი უწყებიდან მედიაზე მესიჯის გაგზავნაზე საუბრობენ მედიის წარმომადგენლები, თავად რედაქციის ხელმძღვანელები. ამბობენ, რომ მათ რჩებათ ამის აღქმა. ბუნებრივია, თვალყურს მივადევნებთ ამ საქმეს, რომ აბსოლუტურად დაცული იყოს, როგორც საქმეში მონაწილე პირების უფლებები, ასევე დავაზღვიოთ ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი მედიაორგანიზაცია გარკვეული გავლენებისგან. აშკარაა, ამ გავლენების მოხდენის მცდელობა აქვს პროკურატურას, ასევე სხვა ძალოვან უწყებებსაც'' - განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.

დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ "გაზეთი ბათუმელების" ოჯახის 5 წევრის წინასწარი პატიმრობის საკითხს განიხილავდა. პროკურატურა მათ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალდებულები სასამართლომ 250-5 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

16 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, რაც მოგვიანებით 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა (პოლიციელზე თავდასხმა). 

"გაზეთ ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე მიიჩნევს, რომ დაკავებულებს ბრალდება პოლიციელის, როინ კოჩალიძის გავლენების შედეგად დაუმძიმეს. 

იმის გამო, რომ სამართალდამცველები ერთ-ერთ ბრალდებულს  "გაზეთ ბათუმელების" დირექტორის საცხოვრებელ სახლში ეძებდნენ ისე, რომ თავად ბრალდებულის სახლი არ შეუმოწმებიათ, გამოცემაში ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან "ერთგვარ მესიჯად აღიქვამენ".  

რა მოხდა 16 სექტემბერს?  პროკურატურა ირწმუნება, რომ ბარათაშვილისა და ტელმანის ქუჩების კვეთაში 5 მოქალაქე ხმაურობდა. პოლიციელი როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, გაეცნო და წესრიგისკენ მოუწოდა,თუმც ამას თავს დაესხნენ. 

ბრალდებულები კი ყვებიან, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, მოგვიანებით ტაქსი გამოიძახეს და ეზოში ელოდებოდნენ. ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ ავტომობილს მიერყდნენ. 
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ავტომობილი იქვე მცხოვრებ შს სამინისტროს თანამშრომელს - როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა. 

დაკავებულები ყვებიან, რომ როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც მოჰყვა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში