ბათუმში 4000 ბავშვიდან 1600 საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა

11 სექტემბერი 2019, 12:59 558 ნახვა

ბათუმში, 2019 წელს, 1600 ბავშვი საჯარო ბაღში ვერ მიიღეს, ქალაქში არსებული 33 საჯარო ბაღში საკმარისი ადგილები არ არის. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ხოლო სკოლამდელი დაწესებულების რაოდენობა არასაკმარისი. 

დღეის მონაცემებით, ზუსტი სტატისტიკა ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არ აქვთ, თუმცა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით (700 ბავშვი ვერ მიიღეს ბაღში) ამბობენ, რომ ბაღის გარეშე, სავარაუდოდ, 1600-მდე მოზარდი დარჩება. 

საჯარო ბაღში 7979 ბავშვი დადის, 116  ადგილი კი გარეუბნებში თავისუფალია. 

განსაკუთრებული პრობლემა ქალაქის ცენტრალური ნაწილია, სადაც მოთხოვნა გაორმაგდა,  ტერიტორიაზე კი სულ 6 ბაღი ფუნქციონირებს.  ახალის დამატების გადაწყვეტილება კი,  ბათუმის ამ ნაწილში არ იგეგმება. მერიას ბაღისთვის ტერიტორიის გამოძებნა უჭირს. ეს ნაწილი დატვირთული და ამავდროულად, ბიზნესისა და კერძო მენაშენეებისთვის მიმზიდველია. 

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ როგორც გასულ წელს, ბათუმში კვლავ 33 ბაღი ფუნქციონირებს, ახალის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე დაიწყო და მხოლოდ მომავალ წელს გაიხსნება. 

"განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მოთხოვნა ძალიან დიდია, ადგილები კი არასაკმარისი. გარეუბნებში - თამარის დასახლებაში, მწვანე კონცხზე 100-მდე ადგილი ჯერ კიდევ არის, მაგრამ გარეუბანში ტერიტორიულად არ აწყობთ" - გვითხრა სამსახურის უფროსმა. 

ბაღებისა და სკოლების დეფიციტზე, ჟურნალისტებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც კითხეს. თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ მუშაობს მერია დანაკლისის შესამცირებლად. 

"როგორც ბაღის, ასევე გვაქვს სკოლების დეფიციტი ქალაქში და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ. მერიის შესაბამისი სამსახურები გეგმავენ ინფრასტრუქტურული ღონისძიებებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო ოთხი წლის განამავლობაში, ბათუმში სკოლებისა და ბაღების დეფიციტია, ყოველწლიურად იმატებს იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ვერ ხვდებიან უფასო ბაღებში და დატვირთვა კერძო სექტორზე გადავიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში