"მოსამართლეების სიაზე კენჭისყრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობის დამტკიცება" - ეკა ბესელია

05 სექტემბერი 2019, 00:41 395 ნახვა

"ეს არის ურთულესი ტესტი, ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე საპასუხისმგებლო არჩევანი, მთავრობის დამტკიცებაზე ბევრად მნიშვნელოვანია ეს სია, იმიტომ რომ მთავრობა შეიცვლება 1 წელიწადში , 2020 წელს არჩევნების შედეგად, ჩვენ სხვა მთავრობა გვეყოლება , მაგრამ ეს მოსამართლეები უვადოდ უნდა გამწესდნენ და ვერ შეიცვლებიან ვერც 2020-ში და ვერც მას შემდეგ" -  ასე ეხმაურება იუსტიციის საბჭოს მიერ დღეს, 4 სექტემბერს, 20 მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცების საკითხს დეპუტატი ეკა ბესელია.  ეს 20 კანდიდატი, პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეები გახდებიან. 

დეპუტატი ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, მისი განცხადებით იმ მოტივით დატოვა, რომ არ დაემტკიცებინა უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია, რომელსაც სასამართლოში არსებული კლანი ლობირებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ წარდგენილი 20 კანდიდატიდან 8-9 სასამართლოს ე.წ. კლანის წევრია, დანარჩენები კი ხელისუფლების მხარდაჭერილი მოსამართლეობის კანდიდატები. 

"ეს არის გზავნილი იმისა, რომ მიუხედავად დიდი პროტესტისა, მიუხედავად დიდი ვნებეთაღელვისა , ლამის უმრავლესობის დაშლისა, მაინც მოხდა ის, რომ კლანად წოდებულმა ჯგუფმა თავისი ინტერესების ლობირება შეძლო იუსტიციის საბჭოში, რომელიც სრულად გამოხატავს მათ ინტერესს, პარლამენტი მეორედ დააყენა ასეთი არჩევანის წინაშე.

 

პირველ ჯერზე მე შევძელი, რომ "კლანის" სია არ გამომეტანა სესიაზე და არ დამეყენებინა პარლამენტი საერთოდ ამ კენჭისყრის წინაშე. იმიტომ, რომ არ მქონდა იმის მოლოდინი და იმედი, რომ სია არ იქნებოდა მხარდაჭერილი.

ჩემს თითოეულ კოლეგას მივმართავ, გარდა იმ ადამიანებისა ვინც ღიად ლობირებენ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის სურვილს და ვინც ემსახურება ჩინჩალაძის და საძმოს ინტერესებს, ეს გადაწყვეტილება ისტორიაში შევა და ისტორია შეინახავს ყველა დეპუტატის გვარს, ვინც მისცემს ხმას ქვეყნის წარსულში და ქვეყნის ბოროტებაში დაბრუნებას" - აცხადებს ეკა ბესელია.

დეპუტატმა მაუწყებლის ეთერში ასევე დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიაში არსებული მოსამართლეები, რომლებიც მისი მტკიცებით, სხვადასხვა დროს იღებდნენ უსამართლო და ხელისუფლების მიერ დაკვეთილ გადაწყვეტილებებს.

"მოსამართლე მიქაუტაძემ. ვატო შაქარაშვილის მოსამართლე იყო და ისე გაამწესა ციხეში ოპოზიციური მოძრაობის გამოსვლების დროს, არანაირი დანაშაული ჩადენილი არ ჰქონია, სიაშია ასევე პაატა სილაგაძე, რომელიც ისე იღებდა გადაწყვეტილებებს ძალიან უსამართლოს, ისე რომ ალბათ ნერვი არ უტოკდებოდა, იქ არის მოსამართლე მირანდა ერემაძეც, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლების დროს დაკავებული ახალგაზრდებს, რომლებიც პოლიციის სამმართველოდან დასისხლიანებული სასამართლოში შეჰყავდათ, ისე ურახუნებდა ჩაქუჩს და ამწესებდა ციხეში ადმინისტრაციული წესით, თითქოს ამ ახალგაზრდებს რაიმე ჩაედინათ და თავად არ ყოფილიყვნენ დაზარალებულები. არიან აქ მოსამართლეები რომლებიც პირდაპირ ჩინჩალაძის კლანად, მის დაჯგუფებაში მოიაზრება 8-9 გვარია დაახლოებით ამ სიაში და ჩვენ კონკრეტულად გვექნება შესაძლებლობა გავიაროთ ეს საქმეები" - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში