ეკა ბესელია: არ ვიქნები იმ გუნდის წევრი, რომელიც სააკაშვილის სისტემასთან დაკავშირებული მოსამართლეების მხარდამჭერია

14 იანვარი 2019, 00:00 2168 ნახვა

''პირადად ჩემი გადაწყვეტილება უმრავლესობაში დარჩენაზე დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. ეს არის ჩემი მკაფიო პოზიცია და მყარი ხედვა. გავაგრძელებ თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას'' - განაცხადა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე, რომელიც უმრავლესობის დაპირისპირების საკითხებს და უზენაესი სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების განსამწესებელთა სიას ეხებოდა. 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას არ დაურღვევია "გუნდურობის პრინციპი" და გედევან ფოფოხაძის დანიშვნა მისი კომპეტენცია იყო. "კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს უფლება თავად წარადგინოს მისი პირველი მოადგილე, ამ თანამდებობაზე ისე შემომთავაზეს სხვა კანდიდატურა, რომ არც ჩემი აზრი უკითხავთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, არ ვეთანხმები რომ დავარღვიე გუნდურობის პრინციპი" - განაცხადა ბესელიამ. 

"მეათეხარისხოვან საკითხებზე არ მინდა ვისაუბრო, ჩემი ამოცანა კოლეგებთან კამათი და კინკლაობა არაა, ჩემი მიზანია ამ ქვეყანაში სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ვაგრძელებ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ არსებული მოსამართლეების სია ვერ გავა პარლამენტში და იქნება ახალი სია, ამას მივაღწევ ჩემს მეგობრებთან ერთად ბრძოლით" - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებით ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი დაარღვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი