ქუთაისის ''ტორპედოს'' პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბი დატოვა

27 აგვისტო 2019, 14:10 1658 ნახვა

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ფეიბუქგვერდზე გავრცელდა.

ქუთაისის „ტორპედოს“კლუბის განცხადების მიხედვით, ზაალ ჩაჩავას წასვლის შემდეგ „ტორპედო“ ქუთაისის მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში კლუბისთვის ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ქუთაისურ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც „ტორპედო“ ათამდე ფეხბურთელმა დატოვა. ქუთაისური კლუბის გულშემატკივრებმა ზაალ ჩაჩავას „ტორპედოდან“ წასვლის მოთხოვნით რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მაშინ გულშემატკივრების პრეტენზიებს სამართლიანი უწოდა.

გუშინ ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოთამაშეების წინაშე არსებული დავალიანების გამო, გუნდს „კრისტალბეთ ლიგიდან გაგდება“ ელოდა. ფანები მომხდარში გუნდის მეპატრონეს ადანაშაულებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ზაალ ჩაჩავა ''ტორპედოს" პრეზიდენტი 2017 წლის აგვისტოში გახდა - მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი, სუპერთასი და თასი მოიგო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში