ძაღლების ჩხუბის გამო 17 წლის ბიჭი თავში იარაღით დაჭრეს - დაშავებული კომაშია

13 აგვისტო 2019, 15:01 3734 ნახვა

სანადირო თოფით დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

''დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მას ჭრილობა მიყენებული აქვს თავის არეში. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა" - ამბობს მკურნალი ექიმი ღუდუშაურის კლინიკაში.

სისხლიანი გარჩევა ძაღლების გამო დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. ინციდენტი თბილისში მოხდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მის ძაღლსა და სხვა ძაღლს შორის მოხდა დაპირისპირება, ძაღლები გააშველეს, თუმცა შემდეგ კონფლიქტი ცხოველების მეპატრონეებს შორის გაგრძელდა. არასრულწლოვანი, მისი ძმა და მამა მეორე ძაღლის მეპატრონეს ფიზიკურად  გაუსწორდა, რა დროსაც მამაკაცმა სავარაუდოდ შურისძიების მიზნით არასრულწლოვანი სანადირო თოფით დაჭრა .

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში