ელგუჯა ბაგრატიონს ბრალი წაუყენეს

28 ივლისი 2019, 21:20 798 ნახვა

ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წაუყენეს.  სამართალდამცველები უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ წევრს გაუფრთხილებლობით, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან, რაც ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ან შინაპატიმრობას ითვალისწინებს.  ოპოზიციის განცხადებით, გამოძიება ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე დაიწყო და მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა.

შსს ინფორმაციით, 188-ე მუხლით მიმდინარეობს ძიება და საქმე ეხება 5 ივლისს მომხდარ შემთხვევას, ურეკი რეზიდენსის კუთვნილი ვიდეო სამეთვალყურეო კამერის დაზიანების ფაქტს. ელგუჯა ბაგრატიონი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ამბობს, რომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეების კარავთან დამონტაჟებული ვიდეოთვალი მხოლოდ დაათვალიერეს და კამერის დაზიანებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ბრალის წარდგენის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა  პოლიციის შენობასთან. გამოკითხვამდე კი დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა. ენმ ხელისუფლებას ოპონენტების პოლიტიკურ  დევნაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, აქციები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაგრძელდება.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში