აბიტურიენტები, რომლებიც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდებზე ვერ მივიდნენ, უნივერსიტეტებში მაინც ჩაირიცხებიან

24 ივლისი 2019, 13:03 1388 ნახვა

აბიტურიენტები, რომლებიც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან - გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო. 

მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სტუდენტები სასურველ საბაკალავრო-სამაგისტროპროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, სახელმწიფო მათ სწავლას დაუფინანსებს.

ასეთი სულ 170-მდე აბიტურიენტია.

"ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება", - განაცხადა მინისტრმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ცალმხრივად 28 ივნისს ჩაკეტა. 1 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აბიტურიენტების ნაწილმა, ერთიანი ეროვნული გამოცდებზე მონაწილეობა ვერ მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი