სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილი   ბიძინა ივანიშვილს

30 ივნისი 2019, 15:15 2036 ნახვა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. ახალგაზრდები 20 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგზე მზაობას გამოთქვამენ. ისინი წერილში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მოუწოდებენ, არ დაიშუროს ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებ დაკარგული ახალგაზრდები. „რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ გაჟღერდა ქვეყნისათვის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. ამ გადაწყვეტილებით თქვენ ანგარიში გაუწიეთ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია.

დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებ დაკარგული ახალგაზრდები.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში.“ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 35 ახალგაზრდა წერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი