ეროვნული ლიგის რეკორდი ბათუმში მოიხსნა - მატჩის საყურებლად 8000 მაყურებელი მივიდა

13 ივნისი 2019, 11:56 8880 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მიმდინარე სეზონზე ბევრი საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა. გარდა კარგი და სანახაობრივი ფეხბურთისა, წელს სხვადასხვა კლუბების ფანების ხმაურიანი, ემოციური და სანახაობრივი გულშემატკივრობაც ვიხილეთ. ​

"კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში" 17 ტური გაიმართა და ჯამში, ლიგის თამაშებს 99 300 გულშემატკივარი დაესწრო.

დასწრების მხრივ, ლიდერია ბათუმის ,,ანგისის ბაზა’’, რომელიც მხოლოდ 1500 გულშემატკივარზეა გათვლილი. ტრიბუნების სიმცირის მიუხედავად, ,,ბათუმის დინამოს’’ ცხრა საშინაო მატჩს - 41 000 მაყურებელი ჰყავდა.  რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ თამაშს - 4556 ადამიანი ესწრებოდა. 

სეზონის რეკორდი - ერთ თამაშზე 8000 მაყურებელი -  ,,ანგისის ბაზაზე’’ დაფიქსირდა. 2019 წლის 11 მაისს, ორი ,,დინამოს დერბს’’  სწორედ ამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა. 

დასწრების მხრივ, ყველაზე ცოტა მაყურებელი თბილისის ,,ვიტ-ჯორჯიას’’ თამაშებზე დადის. ვიტელების  9 მატჩს,  მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე,  ჯამში 2950 მაყურებელი დაესწრო, რაც ერთ თამაშზე საშუალოდ 328 მაყურებელია.

ანტირეკორდიც სწორედ ,,ვიტ ჯორჯიას’’ საშინაო მატჩზე დაფიქსირდა - ,,ვიტ ჯორჯიასა'’ და ,,რუსთავის’’ შეხვედრას მხოლოდ 100 მაყურებელი ესწრებოდა.

ლიგაზე მაყურებელთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი იმითაც აიხსნება, რომ რამდენიმე კლუბი საშინაო მატჩებს სხვა ქალაქში ატარებს. მაგალითად ქუთაისის ,,ტორპედომ’’ მხოლოდ 2 მატჩი გამართა ქუთაისის ,,რამაზ შენგელიას სახელობის’’ სტადიონზე. დანარჩენი 6 მატჩი კი, სამტრედიასა და წყალტუბოში ჩაატარა.

ასევე, საშინაო შეხვედრებს სხვა ქალაქში ატარებს საჩხერის ,,ჩიხურა’’. საჩხერლები სახლის მატჩებს, თბილისში ,,მიხეილ მესხის სახელობის’’ სათადარიგო მოედანზე თამაშობენ.

საგულისხმოა, რომ დასწრების დაბალი პროცენტი მოდის დედაქალაქზე. თბილისში ხუთი გუნდის თამაშებს -  თბილისის ,,დინამოს’’ , საჩხერის ,,ჩიხურას’’ , თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ , თბილისის ,,საბურთალოსა‘’ და თბილისის ,,ლოკომოტივის’’, დასწრების მხრივ, ბოლო ადგილები უჭირავთ.

დასავლეთ საქართველოში მოასპარეზე 2 კლუბის - ,,დინამო’’ ბათუმისა და ქუთაისის ,,ტორპედოს’’ თამაშებს 57 500-ი მაყურებელი დაესწრო, ხოლო აღმოსავლეთ საქარველოში მოასპარეზე 8 გუნდის მატჩებს 41 800 გულშემატკივარი. 

1.,,დინამო’’ ბათუმი  - ,,ანგისის ბაზა’’  - 9 მატჩი - დასწრება 41 000-ჯერ   - საშუალოდ ერთ მატჩზე 4 556 .

2. ,,დილა’’ გორი - ,,თენგრიზ ბურჯანაძის სახელობის’’ სტადიონი - 9 მატჩი  - დასწრება 16 500-ჯერ -  საშუალოდ ერთ მატჩზე 1 833.

3. ქუთაისის ,,ტორპედო’’ - ,,რამაზ შენგელიას სახელობის’’ სტადიონი , სამტრედიის ,,ეროსი მნჯგალაძის სახელობის’’ სტადიონი , წყალტუბოს ,,26 მაისის სახელობის’’ სტადიონი - 8 მატჩი  -  დასწრება  11 400 - საშუალოდ ერთ მატჩზე 1 425 .

4. ბოლნისის ‘’სიონი’’ - ,,თამაზ სტეფანიას სახელობის’’ სტადიონი -  8 მატჩი - დასწრება 6 800 - საშუალოდ ერთ მატჩზე   756 .

5. თბილისის ‘’დინამო’’ - ,,დინამო არენა’’  - 8 მატჩი  - დასწრება 5 230  - საშუალოდ ერთ მატჩზე 656 .

6. რუსთავის ,,რუსთავი’’ - ,,ტექნიკური ცენტრი’’  - 8 მატჩი - დასწრება 4 100 - საშუალოდ ერთ მატჩზე 513 .

7. თბილისის ,,ლოკომოტივი’’ - ,,მიხეილ მესხის სახელობის’’ სათადარიგო მოედანი - 8 მატჩი - დასწრება  3 900 -  საშუალოდ ერთ მატჩზე 488 .

8. საჩხერის ,,ჩიხურა’’ - ,,მიხეილ მესხის სახელობის’’ სათადარიგო მოედანი - 9 მატჩი - დასწრება 3 900 -  -  საშუალოდ ერთ მატჩზე 433 .

9. თბილისის ,,საბურთალო’’ - ,,მიხეილ მესხის სახელობის’’ სტადიონი - 9 მატჩი - დასწრება 3 500 - საშუალოდ ერთ მატჩზე 389 .

10.თბილისის ,,ვიტ ჯორჯია’’ - ,,მიხეილ მესხის სახელობის’’ სათადარიგო მოედანი - 9 მატჩი - დასწრება  2950 - საშუალოდ ერთ მატჩზე   328 .

 

სტატია მომზადებულია ბრიტანული საიტის soccerway.com-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში