ეს ბრძოლა არ არის ჩემი შვილისთვის, ეს ბრძოლა მისი მეგობრებისთვისაა - ზაზა სარალიძე

04 ივნისი 2019, 14:11 772 ნახვა

''როცა ბრძოლა დავიწყე ბუნებრივია მქონდა მოლოდინი რომ მას დააკავებდნენ'' - ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ, პირველ კომენტარს გააკეთა. ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ბრძოლას გააგრძელებს. 

''ამ ბრძოლაში ჩართული ვიქნები​, სანამ ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული. რადგან ეს ბრძოლა არ არის ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის, ეს ბრძოლა არის ჩემი შვილის მეგობრებისთვის, ქართველი შვილებისთვის, რომ მათ შუღლი არ ჰქონდეთ, რომ თავიანთ ჭკუაში შურისძიება არ გადაწყვიტონ,''- ამბობს ზაზა სარალიძე.

სარალიძეს პროკურატურის არგუმენტები აინტერესებს.

''ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, -  თქვა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

''დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემს გვერდით იბრძოდა, ამ სამართლის მიღწევაში, დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინ ბოლოს და ბოლოს ჩათვალეს, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს.

ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში, მაქედან მოყოლებული არ გამქრობია ეს მოლოდინი. სამართალი იყო საჭირო, იმისთვის რომ მსგავსი პრეცედენტები არ განმეორდეს. იქნებ გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის ჩადენა და შემდეგ მით უმეტეს მისი დამალვა,''- ამბობს დავით სარალიძის მამა. 

პოლიციამ დღეს მიხეილ კალანდია დააკავა. ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში