ბათუმში ტურისტულ სეზონზე კიდევ ერთი ქუჩა ჩაიკეტა - შეიცვალა ავტობუსების მარშრუტი

06 მაისი 2019, 11:28 928 ნახვა

ტურისტული სეზონის წინ, ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა ორი თვით ჩაიკეტა. ბათუმის მერიამ გორგილაძის ქუჩის შემდეგ, გზა ჯავახიშვილის ქუჩის ერთ ნაწილშიც გადაკეტა. ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნები და რკინის ჯებირებია დამონტაჟებული.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზ.გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ასევე ჯავახიშვილის, ტბელ აბუსერიძისა და პუშკინის ქუჩებზე.

შეცვლილი მარშრუტით მოძრაობენ მუნიციპალური ავტობუსებიც.  ''ბათუმის ავტოტრანსპორტში'' ამბობენ, რომ ცვლილება #4 და #17 ავტობუსებს შეეხო.

''ავტობუსები, რომლებიც გორგილაძის ქუჩიდან მოდიან, გადადიან ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შემდეგ შარტავას ქუჩით ფიროსმანზე. უკუმიმართულებითაც როდესაც ქალაქისკენ მიდიან, შარტავას ქუჩით მიდიან ხიმშიაშვილზე, შემოუხვევენ ჯავახიშვილზე და გორგილაძეზე".

პროექტი რომელიც გასულ წელს დაწყო, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა KFW პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ამისთვის 3, 6 მილიონი ევრო დაიხარჯება. ამ ეტაპზე ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა კიდევ რამდენიმე ქუჩაზეა ჩაკეტილი. აბუსერიძის ქუჩის ერთი ზოლი სამი თვით გადაიკეტა.

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი