გორგილაძის ქუჩის ნაწილი ტურისტულ სეზონამდე ჩაიკეტა

19 მარტი 2019, 00:00 3494 ნახვა

გორგილაძის ქუჩა მეხუთე დღეა ნაწილობრივ ჩაკეტილია. ტერიტორია სპეციალური ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

ავტომობილები მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ვეღარ გადაადგილდებიან. აღნიშნულ მონაკვეთში მცხოვრებ მოქალაქეებს კი კორპუსებთან მისასვლელად, ფიროსმანის ან ხიმშიაშვილის ქუჩიდან უწევთ მოძრაობა. 

მუნიციპალური ავტობუსებიც შეცვლილი მარშრუტით მოძრაობენ. 17 და 2ა ნომერი ავტობუსები დროებით ფიროსმანის ქუჩაზე გადავიდნენ. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მიკროავტობუსები გორგილაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებამდეც არ მოძრაობდნენ. 

ქუჩა სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის გამო ჩაკეტეს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტურისტულ სეზონამდე ძირითადი მონაკვეთების რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს, ამიტომ  ბრიგადები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ. 

''ერთი ბრიგადა​ მაკდონალდსის ტერიტორიიდან ტბელ აბუსერიძის მიმართულებით მუშაობს, მეორე კი ჯავახიშვილის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ. ორი ბრიგადით მუშაობა გამოიწვია იმან, რომ რაც შეიძლება დავაჩქაროთ კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები, რადგან სეზონამდე მოვახერხოთ ძირითადი მონაკვეთების რეაბილიტაციის დასრულება, რომლებმაც შეიძლება შემდეგ ხელი შეუშალოს ტურიზმის სეზონზე გადაადგილებას. ეტაპობრივად მონაკვეთები მინიმუმ სამი თვე ჩაკეტილი იქნება. გორგილაძის ქუჩა ზუსტად რამდენ ხანში გაიხსნება  არ ვიცით. არხის მშენებლობა ამინდის პირობებზეც არის დამოკიდებული. ეს არის ცენტრალური სანიაღვრე კოლექტორი, რომელზეც ქალაქის მეორადი სანიაღვრე სისტემები არის დაკავშირებული. მასშტაბური სამუშაოებია ადგილზე ხდება არხის მშენებლობა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, მერიის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა. 

ჯაბა ტუღუშის თქმით, გორგილაძის ქუჩის გახსნის შემდეგ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი გადაიკეტება. ჯერჯერობით ზუსტი ვადები ცნობილი არ არის, მაგრამ წინასწარი გათვლებით სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება, შემდეგ კი სხვა ლოკაციაზე გაგრძელდება. 

პროექტი რომელიც გასულ წელს დაწყო, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა KFW პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ამისთვის 3, 6 მილიონი ევრო დაიხარჯება. 

ამ ეტაპზე ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა კიდევ რამდენიმე ქუჩაზეა ჩაკეტილი. აბუსერიძის ქუჩის ერთი ზოლი სამი თვით გადაიკეტა. 

 

 

ამავე კატეგორიაში