ბანკში ერთდროულად 4 უწყება შემოვიდა, მოგვიანებით კი თიბისი-ზე კიბერშეტევა განხორციელდა - მამუკა ხაზარაძე

04 მარტი 2019, 00:00 1660 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტში მოხსენების დროს თქვა, რომ ბანკზე შეტევა გასული წლის ივნისში დაიწყო. ორგანიზაციაში დოკუმენტაციების შესასწავლად ერთდროულად 4 უწყება შევიდა, მოგვიანებით კი ბანკზე კიბერშეტევაც განხორციელდა. ხაზარაძის თქმით, ეს ორი მოვლენა დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. 

''2018 წელის ივნისში შემოდის 4 უწყება. ეს არის ეროვნული ბანკი, საგადასახადო, ფულის მონიტორინგის სამსახური და პროკურატურა. ისინი პარალელურ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან დოკუმენტაციის ამოღებას. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს არ აქვს ვალდებულება შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელზე მეტი ხნისაა და ვალდებულები ვართ გავანადგუროთ, ის ჩვენს არქივში მაინც ინახებოდა. ასეთი შემოტევა ბანკზე 27 წლის განმავლობაში არ გვქონია. ჩავთვალეთ რომ დასამალი არაფერი გვქონდა და მივეცით ყველა დოკუმენტი რომელიც არქივში იყო, 10 და 11 წლის წინანდელი. ამას ძალიან საეჭვოდ საეჭვოდ ემთხვევა ივლისის თვეში თი-ბი-სი ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევა. ბანკი გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ამ მიმართულებით ჩვენთან 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომლებიც ფოკუსირებულები არიან საინფორმაციო უსაფრთხოებაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე'' - თქვა მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ბანკის თანამშრომლებმა მოახერხეს სიგნალის დაჭერა და იმ მისამართის დადგენა საიდანაც კიბერშეტევა განხორციელდა. ხაზარაძის თქმით, ეს ოთახი თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მდებარეობს და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მალევე მიაწოდეს. მას შემდეგ კი 5 წერილი მისწერეს. ხაზარაძის განმარტებით, სამართალდამცველებმა კომპიუტერი ექსპერტიზაზე, შემთხვევიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ გადააგზავნეს

''ჩვენ არა მარტო დავიცავით ეს კიბერშეტევა, დავიჭირეთ სიგნალიც, მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთხს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს. იმის შემდეგ ხუთი წერილი მივწერე მინისტრს, თუ რა ეტაპზე იყო გამოძიება. ერთი კვირის წინ მივიღეთ ვიღაც გამომძიებლის წერილი, რომ თურმე კომპიუტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი ვინც ზის ამ კომპიუტერთან. თბილისში ცენტრალურ გამზირზე. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები საიდანაც ე.წ. ბოტები იმართება'' - ამბობს ხაზარაძე. 

პარლამენტში დაახლოებით ერთი საათია, თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს უსმენენ. ამ ეტაპზე შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. 

21 თებერვალს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თანამდებობა დატოვა. 

ამავე კატეგორიაში