საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც მეორე ტურში მონაწილეობას გეგმავენ ცესკო განცხადებას ავრცელებს

02 ნოემბერი 2018, 00:00 1672 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა შეძლონ, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული. 

''საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე'' - წერია განცხადებაში. 

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა ამ ეტაპზე უცნობია. ის  არჩევნების მეორე ტურის თარიღთან არის დაკავშირებული.  

ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად განსაზღვრავს.

საქართველოში არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ''გაერთიანებული ოპოზიციის'' კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

ამავე კატეგორიაში