არჩილ ხაბაძემ პოსტი 6 ივლისს დატოვა

14 ივლისი 2016, 00:00 2978 ნახვა

არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 6 ივლისს დატოვა. განცხადება მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხაბაძის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. ხაბაძემ ბრიფინგზე რეგიონის მთავრობის ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა დააანონსა. უკვე მეცხრე დღეა არჩილ ხაბაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დავით ბალაძე, ზაურ ფუტკარაძე, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე, ასევე მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტების ხელმძღვანელები მოვალეობის შემსრულებლები არიან. არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 2012 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დასახელდა. 2012 წლის 30 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძეს და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ხაბაძის მინისტრთა კაბინეტი ხელისუფლებაში 44 თვის განმავლობაში იყო.

ამავე კატეგორიაში