რა შეიცვლება ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და პარკინგის კუთხით - განმარტებები ქალაქის მერმა გააკეთა

01 მარტი 2018, 00:00 7618 ნახვა

ბათუმში ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ამოქმედდება, რაც ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის მოძრაობის ახალ რეგულაციას გულისხმობს - ამის შესახებ ქალაქის მერმა დღეს ისაუბრა.

ლაშა კომახიძის თქმით, მერიამ სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. 

‘’არაერთხელ მითქვამს, რომ მუნიციპალიტეტებიდან მომავალი სამარშუტო ტაქსები ხშირად იცვლიან მარშრუტებსა და ბოლო გაჩერების ადგილებს, გადმოდიან ქალაქის ტერიტორიაზე და იმის ნაცვლად, რომ  ბაგრატიონის ქუჩის გავლით ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ,  ჭავჭავაძის, გორგილაძის, პუშკინის ქუჩების მიმართულებით მოძრაობენ. არღვევენ დადგენილ მარშრუტს. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება საპატრულო პოლიციასთან და აღნიშნული მიკროავტობუსები მკაცრად გაკონტროლდება,’’- აღნიშნა ქალაქის მერმა.

ლაშა კომახიძემ კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. მალე,  გადახდის ახალი სისტემა დაინერგება, მუნიციპალური ავტობუსში  აიკრძალება ნაღდი ანგარიშწორება და დაინერგება ბარათით გადახდის სისტემა.

მიმდინარე წელს ორმოცი ახალი ავტობუსის და 10 ელექტრო ავტობუსის შეძენაა დაგეგმილი. ‘’დაწყებულია ქალაქის ტერიტორიაზე პარკინგის ზონების მოწყობა. თბილისის მოედანზე უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის ზონირება, დახაზულია, დამონტაჟდება მართვადი ბარიერები. აუცილებელია ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ზონები დავაწესოთ და დავიწყოთ მათი ოპერირება სტანდარტების მიხედვით’’ - ამბობს მერი.

ქალაქში დაიდგმება ავტოლიფტპარკები. მაქსიმალურად მცირე ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი კომპაქტურად დიდი რაოდენობის ავტომობილების გაჩერება. მერი ამბობს, რომ დეველოპერებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ავტოლიფტების დამონტაჟება ბაგრატიონისა და გორგილაძის ქუჩებზე. ‘’ეს იქნება სამაგალითო ყველასათვის და ძალიან კარგი სიახლე თუ საითკენ უნდა გადავიდეს ქალაქი, მისი მცირე თავისუფალი სივრცეების პირობებში’’ - ამბობს ლაშა კომახიძე.

ამავე კატეგორიაში