''ბათუმის ზოოპარკი ციხეა, სადაც ცხოველები ხოცვის რეჟიმში არიან''- ადმინისტრაცია

26 იანვარი 2018, 00:00 8857 ნახვა

ბათუმის პარკის ადმინისტრაციაში, სადაც ბათუმის ზოოკუთხე მდებარეობს, დღეს ღიად საუბრობს იმაზე, რომ ცხოველები ტერიტორიაზე ყველა სტანდარტის დაცვის გარეშე, არაჰუმანურ პირობებში ცხოვრობენ და სასიკვდილოდ  განწირულები არიან.   

საჯარო დისკუსია ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის შესახებ თავად პარკის ადმინისტრაციამ გახსნა. ისინი ამბობენ, რომ ზოოპარკის ვოლიერები ციხის საკნებივითაა: გისოსებშემორტყმულ მცირე  სივრცეში  ცხოველები მეტლახზე ცხოვრობენ, ვოლიერების სახურავები კი მათ სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს.  ვერ ხედავდნენ ცას და აქვთ გადაადგილების მინიმალური საშუალება.

სიტუაციის სიმძიმეზე ის ციფრები მეტყველებენ, რაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ორი დღის წინ გაავრცელა. 2017 წელს ზოოპარკში 50  ცხოველი დაეცა.

რა ბედი ელის ბათუმის ზოოკუთხეს, რა ვარიანტები განიხილება ამ  მძიმე რეალობის შესაცვლელად და იგეგმება თუ არა მისი დახურვა? კურორტების მართვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

'' განიხილება ყველა მიმართულება, ვმუშაობთ არსებული ტერიტორიის მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე, ქალაქის მერთან თემები გავიარეთ  და ლაშა კომახიძე მზაობა აქვს ცვლილებებისთვის. გულწრფელად გითხრათ, იმ წრეში, რომელშიც მე მიწევს ყოფნა, უფრო მეტი  ზოოპარკის დახურვის მომხრეა, ამ ადამიანებს  საბაბს ის ზოოპარკი აძლევს , რომელიც სახეზე გვაქვს. ფაქტია,  წლების განმავლობაში მან საგანმანათლებლო, შემეცნებითი ფუნქცია ვერ შეიძინა, ამიტომ აქვთ ბათუმელებს ასეთი რეაქცია. სამწუხაროდ,  დღეს როცა შეგვყავს ზოოპარკში ბავშვები, მათ თავშივე ბუნებაზე წარმოდგენას ვუმახინჯებთ. მოზარდები ასეთ ყოფაში ცხოველებს არ უნდა ხედავდნენ, ეს არაჰუმანურია,  ეს არის ჩვენი მხრიდან დანაშაული“, - აცხადებს ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ზოოკუთხე ბათუმელებში, ასევე ტურისტებში ნაკლებად პოპულარულია.   

'' ვიზიტორების რაოდენობაც განსაზღვრას ზოოპარკის პოპულარობას, რაც ძალიან დაბალია. თუ გახსენდებათ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო მიმართულებით ზოოპარკიდან წამოსული აქტივობები? ან სტუდენტები, რომლებიც ამ სივრცით არიან დაინტერესებულები?  მე ასეთი არ მახსენდება. ორი წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები ვერ ვიპოვე, რადგან  სივრცე მოწყვეტილია გარესამყაროს, ის ქალაქის ნაწილი ვერ გახდა.  ტურისტები პარკში სხედან და ტირიან იმის გამო, როგორი ზოოპარკი გვაქვს. ბიუჯეტიდან ამ კუთხის შესანარჩუნებლად 300 ათას  ლარს ვხარჯავთ, თუმცა, ბათუმი ამით დივიდენდს ვერ იღებს“, - ამბობს თევზაძე.

 ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ არსებობს გამოსავალი და ზოოკუთხის რეკონსტრუქციის კონკრეტული გეგმაც აქვს. ამბობს, რომ ვოლიერების გაუმჯობესებული ვარიანტი, სადაც ცხოველები გაცილებით კომფორტულად  იქნებიან, სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა.

‘’ სამუშაოების ნაწილი ჩავატარეთ, ვოლიერების სახურავები, რომელიც დაფარული იყო და ცხოველები ცას ვერ ხედავდნენ გავხსენით, ხის მორები შევიტანეთ, რაციონი შევცვალეთ, თუმცა ეს არაა საკმარისი.  მოვიფიქრეთ, რომ გისოსებიანი ვოლიერების ნაცვლად, ცხოველების სადგომი მინებით შეიკრას. ვოლიერები  სახლის ფუნქციას შეასრულებენ, მაგრამ ბინადრებს ტერიტორიაზე გასვლის საშუალებაც ექნებათ. აუცილებელია, მათ მიწაზე ფეხი დაადგან ან ხეზე აძვრნენ. ვფიქრობთ, თუ ვოლიერი დღეს 50 კვადრატული მეტრია, იგივე ფართი მიწის ხარჯზე მოემატოს. ასევე, რამდენიმე ვოლიერის გაერთიანებას ვფიქრობთ, რომლებიც ერთმანეთს სპეციალური გვირაბებით დაუკავშირდებიან და ცხოველებს მოძრაობის საშუალება ექნებათ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა ტყვეობაში გვყავს ცხოველი, მინიმალურ დონეზე უნდა დავიყვანოთ მისთვის ეს მძიმე ყოფა, ჩვენთან წლების განმავლობაში, სამწუხაროდ,  ამაზე არავინ ფიქრობდა“, - აცხადებს თევზაძე.  

ადმინისტრაციის წინასწარი გათვლებით, ზოოკუთხის მინიმალურ სტანდარტებთან დაახლოება 300 ათას ლარამდე დაჯდება. გისოსების ჩანაცვლება მინის კონსტრუქციით კი დაბალბიუჯეტიანი პროექტია.

'' ძირითადი ბაზა უკვე გაკეთებულია, პირველ რიგში  გისოსების შუშებით ჩანაცვლება გვინდა. სადემონსტრაციო მხრიდან ტრიპლექსის შუშებით ყველა ვოლიერის გამოცვლა 15 ათასი დოლარი ჯდება“.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის მერია, მოხდება ბათუმის ზოოკუთხის რეკონსტრუქცია, გადავა ზოოპარკი სხვა ტერიტორიაზე თუ დაიხურება, ამაზე  ზუსტი პასუხები ამ ეტაპზე არ არის.

ზოოპარკის ისტორია 1898 წლიდან იწყება.  ბათუმის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ ახლანდელი ზოოკუთხის ადგილზე დააარსა ე.წ. მანეჟი, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობდნენ: მაიმუნები, დათვები, ძაღლები.

1933 წელს, როდესაც ქალაქის პარკი ბავშვთა პარკად გადაკეთდა, კვლავ დადგა საკითხი ზოოკუთხის მშენებლობის შესახებ. 1937 წელს გამოიყო 0,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მოეწყო გალიები. დროთა განმავლობაში ზოოკუთხე იცვლებოდა. 1971 წელს ხის ვოლიერები კაპიტალური ნაგებობებით შეიცვალა, გაიზარდა მობინადრეთა სახეობრივი შემადგენლობა. მაშინდელი ზოოკუთხის ბინადრები ძირითადად იყვნენ საქართველოს ენდემური ცხოველები: კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მაჩვი, მელა, ირემი, ბოცვერი. ასევე სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველი და ფრინველი – მაიმუნი, შოტლანდიური პონი, არწივი, თუთიყუში, ფარშავანგი, ციცარი, დეკორატიული იხვი და სხვა. (წყარო: ბათუმის 6 მაისის პარკის ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.parkbatumi.ge/index.php?page=show&sec=14&lang=ge)

 

2006-2007 წწ. განხორციელდა ზოოკუთხის ძირეული რეკონსტრუქცია, თუმცა რეკონსტრუქცია, როგორც სპეციალისტები ამბობენ არ არის სტანდარტების შესაბამისი და ცხოველები, მძიმე, არაჰუმანურ გარემოში იმყოფებიან. 

ფოტო: ედო მჟავანაძე

           ალექსანდრე თევზაძე 

ამავე კატეგორიაში