სპორტი მთავარში

09 იანვარი 2018, 00:00 1755 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში, „ბათუმმა“,  წლის პირველი საშინაო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, ბათუმელებმა საკუთარ კედლებში, ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი მარნეულის „დელტა“  ანგარიშით 75 :60 დაამარცხეს და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.  შეხვედრის  ოთხივე მეოთხედი „ბათუმის“ აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, ყველაზე შედეგიანი კი მასპინძელთაგან ლეონიდ სტეფანიშინი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა.„ბათუმი“ მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს 

დღეს თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. პირველი საშეჯიბრო დღე 5 წონით კატეგორიას დაეთმო, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ. ფინალური ბლოკი ხვალ 17 საათზე დაიწყება, 55 კგ წონით კატეგორიაში, უძლიერესს ზურაბ მაჭარაშვილის და ნუგზარ წურწუმიას შეხვედრა გამოავლენს. 63 -ში ლერი აბულაძე და ლევა ქავჟარაძე იჭიდავებენ. 72 ში რამაზ ზოიძე იური ლომაძეს შეხვდება, 82 კგ ში ზურაბ დათუნაიშვილი ლაშა გობაძეს დაეჭიდება, 97 ში კი რევაზ ნადარეიშვილი კოკა კირცხალიას დაუპირისპირდება. დანარჩენ ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი შეხვედრები ხვალ, ფინალური ბლოკი კი ზეგ გაიმართება. 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2018 წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, ქუთაისში ‘აია არენაზე’ გამართავს. მილთონ ჰეიგის შეგირდები წელიწადს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, რომლის ფარგლებში ხუთ თამაშს ჩაატარებენ - სამს შინ და ორს სტუმრად. ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. უკვე 17 თებერვალს ჩვენი ნაკრები სტუმრად გერმანიას გაეჯიბრება, 3 მარტს მიხეილ მესხზე ესპანეთს ვუმასპინძლებთ, ხოლო 10 მარტს გასვლაზე რუსეთის ნაკრებს შევხვდებით. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს ტრადიციულ მეტოქეს - რუმინელ ‘მუხებს‘დინამო არენაზე’ დაუპირისპირდებიან და ‘ანთიმოზ ივერიელის თასის’ დასაბრუნებლად იბრძოლებენ.  

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა დღეს გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა დენვერ ნაგეტსი ანგარიშით 124:114, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 4 ქულა და 6 მოხსნაა. საუკეთესო კი  32 ქულით სტეფ კარი იყო, უნდა  ითქვას,რომ გოლდენ სტეიტი კვლავ თავისი ერთ-ერთი ლიდერის კევინ დურანტის გარეშე თამაშობდა. აღსანიშნავია ასევე კლივლენდის გამანადგურებელი მარცხი მინესოტა ტიმბერვულვსთან, ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 127:99 დათმო, მეფის მონაგარი კი მხოლოდ 10 ქულა იყო. სხვა ლიდერებმა: ჰიუსტონმა, ბოსტონმა და სან ანტონიომ კი გამარჯვებები მიითვალეს. 

ამავე კატეგორიაში