ზონალური საბჭოს სხდომა

07 დეკემბერი 2017, 00:00 3707 ნახვა

ცოტა ხსნის წინ დასრულდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომა. წევრების შემადგენლობა საზოგადოება “ბათომის” მოთხოვნის და პროტესტის მიუხედავად დღემდე იგივეა. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საზოგადოების წევრებს დახურულ შეხვედრაზე, თვენახევრის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არსებული ზონალური საბჭოს დათხოვნას და ფორმირებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. “ბათომის” წევრები აცხადებენ, რომ საბჭო არა დარგის სპეციალისტებით არამედ უბრალოდ ჩინოვნიკებითაა დაკომპლექტებული, რაც ქალაქს აზარალებს იერსახის შენარჩუნებისთის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში.

რაც შეეხება განხილულ საკითხებს, საბჭომ 11 განაცხადი განიხილა, მათ შორის რამდენიმე მისამართზე ახალი მშენებლობის დაწყება. ერთ-ერთია ლუკა ასათიანის 8 ნომერში მდებარე ისტორიული სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ინვესტორის წარმომადგენლის თქმით, შენობის სიმაღლე გვერდით მდებარე 8 სართულიანი სახლის მასშტაბებს უკავშირდება. ისტორიული სახლის დანგრევას აპროტესტებენ საზოგადოება ''ბათომის'' წევრები. სხდომაზე განაცხადეს, რომ ეს ტენდენცია არასწორია და სისტემურ პრობლემას ქმნის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა მისი თავმჯდომარე ლაშა ასლანიშვილი პროექტს მხარს არ უჭერს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში