დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი 2024, 11:54 310 ნახვა

29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, თუ არ გვინდა, რომ „ენჯეოების“ ხელით დონორებმა მართონ ეს ქვეყანა, – ამის შესახებ საქქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სერიოზული საუბარი ექნებათ იმ დონორებთან, რომელთა მიერ დაფინანსებული „ენჯეოებიც“ ქართველებს რუსებს ეძახიან.

„რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური „ენჯეო“ ჯგუფის განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, შემდეგ კიდევ სწყინთ და ამბობენ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია, ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს განცხადებას, მთლიანად აჩვენებს თავის სახეს.

 

სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ, ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი, თუ არ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც უკვე რუსებს გვეძახიან.

 

ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს ამ „ენჯეოების“ პირით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია, თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს. ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დეზინფორმაცია უწოდა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაპუაშვილის თქმით, მიწა პაპისეულ საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც მასა და მის ბიძაშვილს ეკუთვნოდა.

„ერთ ლარად იმიტომ არის, რომ ეს ფაქტობრივი თანასაკუთრება იყო. ჯერ გვქონდა იჯარა გამოსყიდვით, შემდეგ დაახლოებით 14 წლის წინ შევისყიდეთ და იყო ჩემ და ჩემი ბიძაშვილის თანასაკუთრება. ვინაიდან ერთობლივ ხარჯი გვქონდა, მოხდა გამიჯვნა. ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება, რომელიც შესაბამისად დარეგისტრირდა და ნასყიდობის ხელშეკრულებით არის იმიტომ, რომ ხარჯები გვქონდა საერთო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი