აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა, უნალექო ამინდები, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი - საგანგებო

18 ივლისი 2022, 10:59 748 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა, უნალექო ამინდები, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი.

„გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი