2023 წლისთვის ბათუმის ბულვარს სკეიტ-სკვერი ექნება, რომელიც 4 ათას კვ.მ-ზე მეტ ტერიტორიაზე მოეწყობა და ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოში. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის ზღვისპირა პარკში კიდევ ერთი ახალი, უკრაინის სახელწოდების სკვერი იქნება კოლონადების მიმდებარედ. ამის შესახებ დღეს ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ისაუბრა.
ლაშა მიქელაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ბულვარის ადმინისტრაციის 2021-წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ისაუბრა ასევე მიმდინარე სამუშაოებზე, მათ შორის დაგეგმილ აუქციონებსა და სამომავლო პროექტებზე.
საკომიტეტო მოხსენების შემდეგ მასთან კითხვები ჰქონდათ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წევრებს. მათ შორის დიდი ნაწილი ბულვარის ტურისტულ და ურბანულ ინფრასტრუქტურას ეხებოდა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ამბასადორისა და რივიერას მშენებლობის საკითხსაც შეეხო.
ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ზღვისპირა პარკის სამომავლო განვითარება და განაშენიანება ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც უკვე მზადაა და საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდება.