26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის საქმეზე მოწმის სახით ერთ-ერთი ბრალდებული მუშა დაიკითხა

30 ივნისი 2022, 13:43 1788 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოწმის სახით იკითხება მუშები, მამა-შვილი, რომელბმაც გამოძიების ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს ჩამონგრეული შენობის პირველ სართულზე, ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე. ისინი ბინის მეპატრონესთან ერთად მთავარი ბრალდებულები არიან.

გიორგი სურმანიძემ დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო მალხაზ გოჩაძის შეთავაზებით ბინაში მუშაობა. მალხაზ გოჩაძე მშენებლობის ზედამხედველი იყო, ის პროკურატურის მოწმეა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ სწორედ ბინის მეპატრონემ დაავალა მუშებს საყრდენი კედლების მონგრევა.

ბრალდებულის ინფორმაციით, სწორედ გოჩაძემ მიიყვანა ბინაში სამუშაოდ. ის აძლევდა მითითებებს და მათ შორის ევალებოდა ნივთების და ნარჩენების გამოტანა. გიორგი სურმანიძემ თქვა, რომ მან მხოლოდ კედელი გამოიღო, რომელიც ერთ ოთახიანს და საძინებლებს ყოფდა. მისივე თქმით, ოროთახიანი ბინის შესასვლელთან, სადაც ჩაშენებული კარადა იდგა ის მალხაზმა გამოიღო .

" ზაურ ბუდაგოვი დაახლოებით  2-3 ჯერ იყო მოსული. კედლების სატეხი ჰქონდა მალხაზს. მე ძირითადად დაზიანებულ კედელს ვშლიდი რომელიც იყო ძველი. რომ ვიკითხე რა არის გასაკეთებელი თქო, გოჩაძემ მიპასუხა საძინებლის კედელი უნდა გააკეთოო და სველი წერტილიო.

 

რამაზ დავლაძეს ვიცნობ. ჯერ მისი ძმა იყო ჩამოსული, მითხრა მაინტერესებს რას აკეთებთო.  მე-4 სართულზე ვცხოვრობო. შეხედა ჩვენს სამუშაოებს და თქვა ვერ ვერკვევიო. ჩემმა ძმამ იცის მშენებლობის ამბები და აგიხსნით ყველაფერსო. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ჩამოვიდა რამაზ დავლაძე. მკითხა რის გაკეთებას აპირებთო,  ვუპასუხე რომ მეპატრონე აპირებდა მაღაზიის გაკეთებას, ზუსტად არ ვიცითქო. დავლაძემ მითხრა, რომ აქ მე ვიცი რაც უნდა გაკეთდესო. მე ვერ მივხვდი რა მითხრა და დაამატა, რომ მომწონს რასაც აკეთებთო. ვკითხე საიდან იცითქო და ზაურისგან ვიციო. მერე გავიდა გარეთ და ზაურის ელაპარაკებოდა ეზოში.

 

დავლაძე რომ მოვიდა მე საძინებელის კედელთან ვმუშაობდი. მალხაზს იმ კედლის მონგრევა ჰქონდა დასრულებული, რომელიც შესასვლელთან ხელმარჯვნივ მდებარეობდა. იქ ჩაშენებული იყო ხის კარადა.

 

8 რიცხვში, რომ მივედით კარი ვერ გავაღეთ. მალხაზი მოვიდა ვერც იმან გააღო. მან თქვა დავრეკავ და გავარკვევ რატომ არ იღება კარიო. მასთან ვათანხმებდით რა როგორ უნდა გაკეთებულიყო.

 

კარი რომ ვერ გავაღეთ ხარაჩოების მოტანა დაგვავალა მალხაზმა.

არ მიმუშავია სამშენებელო მიმართულებით. კაზინოში აპარატების გადატანა გადმოტანა მევალებოდა" - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

მოწმემ მხარეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

მისი ინფორმაციით, კედელი რომლის მონგრევაც მალხაზ გოჩაძემ დაავალა, მანვე აუხსნა, რომ ამის გაკეთება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

" შელესილი კედელი იყო დაბზარული.

კარადა სადაც იდგა, იქ იმუშავა მალხაზმა ჩაქუჩით და სპეციალური ხელსაწყოთი, რომელიც ეკუთვნოდა მალხაზს.

ოროთახიან ბინაში რომ შევედი მალხაზმა უთხრა ზაურის, რომ ბიჭები მოვიყვანეო. მივესალმეთ ერთმანეთს. მე რუსული არ ვიცოდი და მალხაზი გვითარგმნიდა. ზაურის გარეშე მალხაზი მიგვითითებდა რა უნდა გაეკეთებინა."-განაცხადა მან.

მოწმე გიორგი სურმანიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მალხაზ გოჩაძემ მოწმის სახით მიაწოდა, თითქოს ბინის მეპატრონემ ზაურ ბუდაგოვმა დაავალა მუშებს საყრდენი კედლების მოშლა.

გიორგი სურმანიძემ დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ მოწმის სახით როცა დაიკითხა საგამოძიებო უწყებაში, გამომძიებლები კარნახობდნენ თუ რა უნდა ეთქვა ჩვენებაში, ჩანაწერი რომელიც გაკეთდა კი ფალსიფიცირებულია.

ამის გარდა, მოწმემ განაცხადა, რომ  მიმართა გამოძიებას რათა ხელახლა დაკითხულიყო, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი