საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. სააპელაციო სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კაპანაძემ დღეს შეიტანა. არხის ყოფილ დირექტორს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო დაუსაბუთებელი, მიკერძოებული და პოლიტიკური დაკვეთით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას ტელევიზიის ყოფილი მრჩევლების არგუმენტები გაიზიარა: სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში. შესყიდვების მხრივ, რაც ბორდმა ჩაწერა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძვლად, მოსამართლემ კანონიერ მოქმედებად შეაფასა. ჯამში მოსამართლემ ბორდის წევრების არგუმენტი 11 საკითხზე არ გაიზიარა.
ნათია კაპანაძე 2019 წელს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს, ნათია კაპანაძის შესაძლო სამართლებრივი გადაცდომებს, უტენდერო შესყიდვებს, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვას, რეიტინგის ვარდნას, სამაუწყებლო პრიორიტეტების შეუსრულებლობას, საბჭოსთან კომუნიკაციის ნაკლებობას ედავებოდა. იმპიჩმენტის პროცედურამდე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, თუმცა ბორდმა ეს არგუმენტები არ გაიზიარა.
ნათია კაპანაძე სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კაპანაძის საქმის“ განხილვა სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ 2021 წელს დაიწყო. ნათია კაპანაძის ინტერესებს „საია“ იცავს.