„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIX სხდომა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტად, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
"უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მზად ვარ აქტიური თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
გასვლით სხდომაზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეული წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.