ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ

07 ივნისი 2022, 12:10 834 ნახვა

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გამოსაცდელ პირს თუ ექნება სურვილი, ის შეძლებს პირბადე ატაროს.

ნუნუ მიცკევიჩის განმარტებით,  კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებისთვის განათლების სამინისტრო დამატებით სესიას ჩაატარებს.

„თუ გამოსაცდელ პირს, ჩვენს აბიტურიენტებს, გამოცდის დღეს დადასტურებული ექნებათ კოვიდი, ჩვენ მათთვის დამატებით სესიას დავაორგანიზებთ და ეს დამატებითი გამოცდა მათ დამატებითი სესიის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ასე რომ, მათ უწყვეტ რეჟიმში ექნებათ საგამოცდო პროცესთან ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, რომ წინა წელს, მსგავს სიტუაციაში, ჩვენ უკვე დავაორგანიზეთ აბიტურიენტებისთვის გამოცდები“, - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

ამასთანავე, წელს პირველად, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.

„აბიტურიენტებს არჩევანი გაუფართოვდათ - წლევანდელი ეროვნული გამოცდების სიახლეა, რომ მათ მესამე, არჩევითი საგანი გაფართოებული აქვთ და ისტორია/მათემატიკასთან ერთად, შეუძლიათ, ჩააბარონ მაპროფირებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც ისინი აირჩევენ თავიანთი პროფესიის მიხედვით“, - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

მაგალითისთვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში